ქარის ელექტროსადგურების გამომუშავებულ ენერგიას საქართველოს შიდა ქსელი მოიხმარს
გორის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურებს აშენებენ, რომლებიც ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევა.
როგორც „ლიბერალს" ენერგეტიკის სამინისტროში უთხრეს, ტერიტორიაზე 3,5 მეგავატი სიმძლავრის 6 ტურბინა განთავსდება. პროექტი სახელმწიფოს ინიციატივით მომზადდა და მისი ბიუჯეტი 30 მლნ დოლარია, საიდანაც 24 მლნ EBRD-ის დაბალპროცენტიანი სესხია.
„სადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, წლიური გამომუშავება იქნება 88 მლნ.კვტ.სთ; 1 კვტ.სთ ელ. ენერგიის ღირებულება კი - 6,89 აშშ ცენტი. ელექტროენერგიის კომერციული ოპერატორი 10 წლის განმავლობაში წლიური მოცულობის სრულ გენერაციას შეიძენს", - ამბობენ ენერგეტიკის სამინისტროში.
გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ქსელს მიეწოდება და შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. სამინისტროში განმარტავენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ქარის ელექტროსადგურში გამომუშავებული ენერგია საერთო მოხმარების 1%-ს შეადგენს.
„საქართველოს ქარის ენერგიის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. დღესდღეობით გაფორმებულია რამდენიმე მემორანდუმი, რომელიც კვლევის ეტაპზეა. ანალოგიური პოტენციალი აქვს შემდეგ ტერიტორიებს: რიკოთის მიმდებარე, ასევე იმერეთის, კერძოდ, საჩხერის მიმდებარე ტერიტორიას, ქართლს და სხვა", - უთხრეს „ლიბერალს" სამინისტროში.