ქარტიამ გადაცემა „პროფილის“ წინააღმდეგ კავშირ „საფარის“ განცხადება მიიღო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადება მაია ასათიანის წინააღმდეგ.
სადავო გადაცემა ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში 2017 წლის 15 ივნისს გავიდა. გადაცემა ეხებოდა ქალის ისტორიას, რომელიც თავს სექსმუშაკობით ირჩენს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამცხადებლის შეფასებით, გადაცემა „პროფილი“ მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებებს შეიცავს და ამიტომ ჟურნალისტი არღვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპს.
„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.