„ქართული მარში“ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის და ყრილობისთვის ემზადება
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ რამდენიმე ჯგუფთან ერთად ქმნის პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„რეალურად, „ქართული მარში“ ისედაც პოლიტიკაში იყო, უბრალოდ, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ახლა „არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფთან", მოძრაობა „ეროვნულებსა" და ორგანიზაცია „ფართან" ერთად ჩამოყალიბდება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობად, რომელიც გაატარებს პოლიტიკურ კურსს. რა თქმა უნდა, არჩევნებსა და ყველა პოლიტიკურ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას", - ამბობს სანდრო ბრეგაძე „ლიბერალთან".
როგორც მან განაცხადა, მოლაპარაკებები ამ ჯგუფებთან უკვე დასრულებულია და შეთანხმებაც მიღწეული. ახლა მიდის მსჯელობა ყრილობის ადგილთან დაკავშირებით.
„გვინდა, ყრილობა გაიმართოს ფილარმონიაში ან სპორტის სასახლეში, ანუ ამ ყველაფერს მომზადება სჭირდება, რომ მრავალრიცხოვანი იყოს. ორგანიზაციის ლიდერები ჩემთან ერთად იქნებიან: დავით ნემსაძე, ერმილე ნემსაძე და მოძრაობის წევრები", - ამბობს სანდრო ბრეგაძე.
მისი თქმით, მომავალ კვირას პარლამენტში ინიციატივით მივლენ, რომ კანონმდებლობაში დაბრუნდეს ჩანაწერი მოქალაქის ეროვნების შესახებ და ასევე, მამის სახელის გრაფა.