ქართული ონლაინმედია Freedom House-ის ანგარიშში

 
Freedom House-ის ინტერნეტისა და ონლაინმედიის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ონლაინმედია უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუმცა დოკუმენტში ნახსენებია Transparency International-ის ანგარიშიც: დომინირებს ონლაინმედიაგამოცემები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართ მიკერძოებულნი არიან. ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებასთან გაფორმებული კონტრაქტების მეშვეობით ფინანსდება, ზოგიერთი კი რუსეთთან არის დაკავშირებული და გამოირჩევა ანტიდასავლური პოლიტიკით.  ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მხრიდან ონლაინკონტენტის სისტემური და რეპრესიული მანიპულაცია არ ხდება, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები, გარკვეული თვალსაზრისით, თვითცენზურას მაინც მიმართავენ. „მაგალითად, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საჯარო მოხელეები, ზოგიერთ შემთხვევაში მაღალჩინოსნების შიშით, ინტერნეტსივრცეში თვითცენზურას მიმართავენ.“ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემოსავლის არაადეკვატურ წყაროებს დამატებული ტექნოლოგიური ცოდნის სიმცირე, ტრადიციული მედიაგამოცემების ინტერნეტსივრცეში გაფართოებას აფერხებს. დღესდღეობით პატარა მედიაგამოცემებისთვის რთულია რეკლამების მოზიდვა, კერძო სექტორი, აუდიტორიის სიმცირის გამო, ინტერნეტსივრცით სარეკლამოდ ნაკლებად ინტერესდება.  ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბლოგოსფერო შთამბეჭდავად გაიზარდა, მხოლოდ რამდენიმე ბლოგერის პოსტი ახდენს გავლენას პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ბოლო 3 წლის განმავლობაში ლგბტი აქტივისტები აქტიურად იყენებენ ინტერნეტს კოორდინაციისთვის, ინფორმაციის გასავრცელებლად და დისკრიმინაციის გასაპროტესტებლად.  ინტერნეტის მომხმარებლების 26% აცხადებს, რომ ინტერნეტი მათი ძირითადი საინფორმაციო წყაროა.