„ქართულმა მარშმა“ თბილისის ქუჩებში „სახალხო პატრულირება“ დაიწყო

 
„ქართული მარშის“ „სახალხო პატრული“ თბილისის ქუჩებში უკვე კვირაზე მეტია მოძრაობს - ამის შესახებ „ლიბერალს“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ დაუდასტურა. ბრეგაძის თქმით, „ქართული მარშის“ ახალგაზრდა წევრები ლესელიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, „ვარდების მოედანსა“ და წინასწარ შერჩეულ სხვა ადგილებში პატრულირებენ, კანონდარღვევების აღმოჩენის მიზნით.  მისივე თქმით, „სახალხო პატრულის“ წევრებს „ქართული მარშის“ სიმბოლოს აღმნიშვნელი სამკლაურები უკეთიათ და მაისურები აცვიათ.  როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, მათ ქუჩებში უკვე აღმოაჩინეს კანონდარღვევის ფაქტები, მაგალითად, არასრულწლოვანთა პროსტიტუტციის და შესაბამისი ვიდეომასალაც გადაიღეს. ხოლო კანონდარღვევების შეკრების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ. სანდრო ბრეგაძე აბსურდულს უწოდებს შსს-ს პოზიციასაც, რომ ქალაქში წესრიგის დაცვა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. ბრეგაძე მიიჩნევს, რომ „სახალხო პატრული“ კანონის ფარგლებში მოქმედებს და ქუჩებში მოძრაობას ხელისუფლება მათ ვერ აუკრძალავს. შინაგან საქმეთა სამინიტრომ On.ge-ის 16 თებერვალს, როცა პირველად დაანონსეს ასეთი პატრულის შექმნა, განუცხადა, რომ „ქართული მარშის“ ეს ინიციატივა უხეშ კანონდარღვევად შეფასდებოდა და მკაცრი რეაგირება მოჰყვებოდა. „ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და დანაშაულის აღკვეთა კანონის საფუძველზე შექმნილი სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. შესაბამისად, კანონით, მხოლოდ აღნიშნულ ორგანოებს აქვთ დამნაშავეთა მიმართ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლებამოსილება.“ - განუცხადა შსს-მ On.ge-ის. „ქართული მარშის“ წარმომადგენელი „ლიბერალთან“ საუბრისას 6 თებერვალს ასევე განმარტავდა, რომ ისინი საქართველოში უკანონო ემიგრანტების ყოფნის გაკონტროლებას გეგმავდნენ. მისივე თქმით, „სახალხო პატრულის“ წევრობის სურვილი 300-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა და მათგან15-15-კაციან ჯგუფებს შექმნიან. „ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ რა იგულისხმებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, ბრეგაძემ უპასუხა, რომ ეს არის ყველა ის ქმედება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება. „[ეს არის] ტრეფიკინგი, საეჭვო ტიპის დაწესებულებები, სადაც იყიდება ნარკოტიკები, არასრულწლოვნების პროტიტუციის ჩართვა - ეს ხდება ქუჩაში“ - თქვა ბრეგაძემ „ლიბერალთან“. შენიშვნა: „ლიბერალის“ თავდაპირველი ფოტო გადაღებულია „ქართული მარშის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, მაგრამ მასზე გამოსახული იყო „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ სიმბოლო. ფოტო განახლებულია