ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განვითარდება
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM International) სპეციალისტები, ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ,- ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა, დანიელ გოტშალდმა ხელი დღეს მოაწერეს.
„შეთანხმების თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე მართვისა, სამეცნიერო თუ, ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება TUM International-ის ხარისხის მართვის სტანდარტები. ერთობლივი საორგანიზაციო ჯგუფი ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარების ყველა ეტაპზე ითანამშრომლებს; გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს.
ხელშეკრულების თანახმად, ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბისა და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს, გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში“,- ნათქვამია განცხადებაში.
პროექტზე იმუშავებს მმართველი საბჭო, რომლის შემადგენლობაში მიუნხენის უნივერსიტეტის, ასევე - საქართველოსა და ბავარიის მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან.
საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში 140 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.