ქუთაისში ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მხარდასაჭერად აქტივისტებმა აქცია გამართეს

 
ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მხარდასაჭერად დღეს ქუთაისში აქტივისტებმა აქცია გამართეს.  აქციის მონაწილის, ანანო სურმავას თქმით, აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნები იყო; პოლიციური რეჟიმის დასრულება და ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების უკანონო პატიმრებიდან გათავისუფლება. აქტივისტებმა  ასევე დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის გათავისუფლება გააპროტესტეს და ქუთაისის „თეთრი ხიდიდან“  სასამართლოსთან გადაინაცვლეს.  ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების მხარდასაჭერად გუშინ თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს ხმაურით, სოლიდარობის გამომხატველი შეძახილებით და მსვლელობა პარლამენტის შენობის წინ დაასრულეს.  თბილისში „თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა აქტივისტის გარდა, დაკავებული რეპერების, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას ოჯახის წევრებმა და მეგობრებმაც ისაუბრეს. ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ, რეპერები უახლოეს დღეებში გათავისუფლდნენ.  დღეს გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის გამოსაკითხად პროკურორი შევიდა.როგორც დაკავებულ გიორგი ქებურიას ადვოკატი ამბობს, ის პოლიციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ პორკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა დაცვის მხარის მოთხოვნას პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლაზე დაეთანხმება.  პროკურატურა რეპერების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დაეთანხმება  სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ „ბირჟა მაფიის" ორი წევრი 7 ივნისს დააკავა. 9 ივნისს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.  მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაკავებულები ამბობენ, რომ ისინი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.  „ბირჟა მაფიის“ წევრებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ ფოტო: ნათია ხარატიშვილი; იმედა ბოლქვაძე