ქვემო ქართლში ქმარსა და დედამთილს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება - შსს

 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით, ქვემო ქართლის პოლიციამ 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. ცოლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს ცოლზე - 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას. აღნიშნულის გამო, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და მიყენებული აქვს თვითდაზიანება“, - აცხადებს შსს  უწყების ინფორმაციით, დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს განცხადებით, სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის - 1958 წელს დაბადებული ე.შ.-ს მხრიდანაც, „რის გამოც მას ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა“. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.