რა სასჯელი იქნება ქალის გენიტალიების დასახიჩრებაზე, ადევნებასა და იძულებით სტერილიზებაზე
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იძულებითი სტერილიზაცია თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე დაისჯება.
პროექტით, სისხლის სამართლის კოდექსს 133 პრიმა მუხლი ემატება და იძულებითი სტერილიზაცია განიმარტება, როგორც „წინასწარი თანხმობის გარეშე პირისთვის ისეთი ოპერაციის ჩატარება, რომლის მიზანი ან შედეგია პირის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტა ან/და მისი სრული მოშლა“.
რაც შეეხება იგივე ქმედებას, რომელიც ჩადენილი იქნება პირთა ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შშმ პირის ან არასრულწლოვანის მიმართ, ასევე არაერთგზის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე იქნება გათვალისწინებული.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი - 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება .
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია.
ქალის გენიტალიების დასახიჩრება
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსში ასევე გაჩნდება 133 სეკუნდა მუხლი, რაც ქალის გენიტალიების დასახიჩრებისთვის სასჯელს დააწესებს.
კერძოდ, ქალის გენიტალიების დასახიჩრება განისაზღვრება, როგორც რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან ამგვარის გარეშე, ქალის გენიტალიების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვა სახის დასახიჩრება, ან ქალის იძულება, დარწმუნება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ქალის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის.
აღნიშნული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
იგივე ქმედება, ჩადენილი: პირთა ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ან არასრულწლოვანის მიმართ, ასევე არაერთგზის, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
ხოლო იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 11 წლამდე.
ადევნება
ცვლილებების პაკეტის მიხედვით, კოდექსს ემატება 151 პრიმა მუხლი, რაც ადევნებას ითვალისწინებს.
ადევნება განიმარტება, როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, ან მისი ოჯახის წევრის, ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც ხორციელდება სისტემატიურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც აიძულებს პირს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას.
აღნიშნული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სასჯელი: ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 180 საათამდე ან/და თავისუფლების აღკევთით, ვადით 2 წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი: დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ, პირთა ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე.