რა უშლის ხელს სკოლების დამოუკიდებლობას ?

 
გუშინ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით მორიგი კონფერენცია გაიმართა. ამჯერად სასკოლო საზოგადოების წევრები, ექსპერტები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სკოლების დეცენტრალიზაციის საკითხებზე მსჯელობდნენ. არის თუ არა სკოლა დეცენტრალიზებული? როგორ მიმდინარეობს 2005 წლიდან დეკლარირებული სკოლების დეცენტრალიზაციის რეფორმა? როგორ მუშაობენ სკოლის თვითმმართველი რგოლები და უჭერს თუ არა მხარს მოქმედი მთავრობა სკოლების დეცენტრალიზაციის რეფორმას? რა კეთდება ამ მიმართულებით?  კონფერენციას, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ესწრებოდნენ როგორც სკოლის საზოგადოების წარმომადგენლები: დირექტორები, პედაგოგები. ასევე განათლების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური, რომელმაც კიდევ ერთხელ გაახმიანა, რომ სამინისტრო დეცენტრალიზაციის რეფორმას მხარს უჭერს, თუმცა რეფორმის მხარდაჭერისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ არ უსაუბრია. როგორც ლიკა გიგაურის საუბრიდან გამოიკვეთა, სამინისტრო უახლოს მომავალში სამეურვეო საბჭოს წევრთა ტრენინგებს გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ტრენინგი სამეურვეო საბჭოების წევრებს 2006 წლის შემდეგ არ გაუვლიათ. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე განათლების სამინისტროს არც ერთ მენეჯმენტს არ უზრუნია ამ რგოლის მონაწილეთა კომპეტენციების ამაღლებაზე. სკოლის სამეურვეო საბჭოების წევრთა მცდელობა – რეალურად იყვნენ ჩართული სკოლის მართვაში და არსებითი ცვლილებები შეიტანონ სკოლის ცხოვრებაში - სკოლის დეცენტრალიზაციაზე გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. სკოლის დირექტორები აღნიშნავდნენ, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოებს უბრალოდ არ სურთ სკოლის მართვაში რეალური მონაწილეობის მიღება ან მის აზრს ვერ ხედავენ, რადგან ეს რგოლი 2010 წელს კანონში შესული ცვლილებების კვალდაკვალ მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად დასუსტდა. საბჭოს წევრთა რიგებში გაჩნდა ადგილობრივი თვიმმართველობის წევრი, რომელიც ხშირად საბჭოს თავჯდომარე იყო და წევრთა უმრავლესობა სწორედ თვიმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის დირექტივების შესაბამისად იღებდა გადაწყვეტილებას. საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, სკოლის თვიმმართველი რგოლების სუსტი საქმიანობის მიზეზებად სკოლის მწირი ბიუჯეტი დასახელდა, რომელიც საქართველოში მოქმედი საჯარო სკოლების უმეტესობას მხოლოდ სკოლის კომუნალური გადასახადების  და სახელფასო ფონდის გასასტუმრებლად ჰყოფნის. ამ ფონზე კი სკოლის საბჭოს არც აღარაფერი რჩება სამსჯელო. როცა ბიუჯეტში ინოვაციისთვის, ახალი პროგრამებისთვის, ახალი მიდგომებისთვის თანხები არ არის, საბჭო და სკოლის ადმინისტრაცია სკოლის სტრატეგიულ განვითარებაზე ზრუნვას ვერ ახერხებს, შესაბამისად სკოლის განვითარებაში ამ პირთა მონაწილეობას ფიქტიური ხასიათი აქვს. განათლების მინისტრის მოადგილის ლიკა გიგაურის განცხადებით, სკოლების ადმინისტრაციებს კანონით მინიჭებული ავტონომიით სარგებლობის შიში დღემდე აქვთ. მისივე ინფორმაციით მის აპარატში სკოლების მიერ გამოგზავნილი 1000-მდე განცხადებაა შესული, სადაც ისინი სამინისტროს იმ საქმიანობების განხორციელებისთვის სთხოვენ ნებართვას, რომლის გადაწყვეტაც კანონით სკოლის პრეროგატივაა. ლიკა გიგაურის თქმით სკოლებს რეალურად არ აქვთ კარგად გაცნობიერებული ან შესწავლილი ის საკანონმდებლო შესაძლებლობები, რომელიც მათ 2005 წელს კანონში შესული ცვლილებებით მიენიჭათ. „დღეს ნამდვილად დეკლარირებულია და პრიორიტეტადაა მიჩნეული სისტემის დეცენტრალიზაცია. ყველა ტიპის დეცენტრალიზაციას და ცენტრალიზაციას აქვს როგორც თავისი უარყოფითი, ისე დადებით მხარეები. ჩვენ გვინდა, რომ დეცენტრალიზაციის არსებული მოდელი განვავითაროთ. ყველა დამეთანხმება, რომ დეცენტრალიზაციის პროცესში გადაწყვეტილებებს ადგილზე უფრო ეფექტურად იღებენ. დღეს როცა ზეწოლა მოიხსნა, ზოგადი განათლების სისტემა ამას მოუმზადებელი დახვდა. 915 წერილია მოსული სხვადასხვა ნებართვებზე და მუდმივად გვიწევს ტრაფარეტული პასუხის გაცემა, რომ დეცენტრალიზაციის ფარგლებში სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე ნებართვას არ გასცემს“, - განცხადა ლიკა გიგაურმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა, რაც სამწუხარო აღმოჩნდა კონფერენციის მონაწილეებისთვის, რადგან როგორც გამოიკვეთა, მათ მინისტრის მოადგილესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასმა სურდათ. „ზოგიერთი დირექტორი მართლაც ვერ ბედავს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. ზოგიერთ შემთხვევაში კი არ იცის და იმიტომ მიმართავს სამინისტროს ნებართვის მისაღებად, მაგრამ მთავარ კითხვაზე ჩვენ დირექტორებს პასუხი არ გვაქვს:  უნდა კი სამინისტროს რომ დირექტორი თავისუფალი იყოს?“ - აღნიშნა ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა. უნდა კი სამინისტროს დამოუკიდებელი დირექტორი? უჭერს თუ არა ის რეალურად მხარს დეცენტრალიზაციის რეფორმას და რაზე მეტყველებს ახალი ხელისუფლების პოლიტიკა სკოლებთან მიმართებაში? - კონფერენციის მეორე ნაწილში დისკუსია სწორედ ამ კითხვების გარშემო გაიმართა. განათლების ექსპერტის თამარ მოსიაშვილის აზრით, სამინისტრო დეკლარირებულად მხარდაჭერას უცხადებს დეცენტრალიზაციის რეფორმას, თუმცა  კონკრეტული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის რეფორმის მხარდაჭერის მიმართულებით ჯერ არ გადაუდგამს. მაგალითად კი რამდენიმე ფაქტი მოიტანა. „საშტატო განრიგებს დღემდე სამინისტრო ამტკიცებს. ეს რეგულაცია სკოლებს ცხოვრებას ურთულებს და არ მესმის რატომ არ უნდა მივანდოთ სკოლის ადმინისტრაციას სკოლის საშტატო განრიგის დამტკიცება და რატომ უნდა ელოდებოდეს ის სამინისტროს ნებართვას, რომლის  დამტკიცების მოლოდინში თვეები გადის“, - აღნიშნა თამარ მოსიაშვილმა. მანვე ახსენა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამების დეცენტრალიზაციის საკითხი. დღეს საქართველოში პედაგოგთა გადამზადებაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ზრუნავს. თამარ მოსიაშვილის აზრით, აუცილებელია ამ სისტემის დეცენტრალიზაცია და მასწავლებელთა გადამზადების სისტემაში კერძო ტრენინგცენტრების მონაწილეობა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ, რომელმაც დეცენტრალიზაციის ხარისხის შეფასებაზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება დღევანდელი სისტემის მართვის მნიშვნელოვან პრინციპებზე შეთანხმებული არ არის. „ერთი მხრივ, უნდათ პრაქტიკის დემოკრატიზაცია   და, მეორე მხრივ კი, უნდათ რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხოს მათი ძირითადი პრობლემების გადაჭრა და არა სკოლებმა. თავისთავად ცხადია, რომ სკოლებში მავნე ელემენტების გამოვლენა და დასჯა აღარ ხდება, როგორც ეს შაშკინის დროს ხდებოდა. თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ არის დემოკრატია. დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას. ჩართულობა კი ხელისუფლებას მაინცდამაინც არ აინტერესებს. არასამთავრობო ორგანიზაციების  პროცესებში ხშირი თუ იშვიათად ჩართულობა საკმარისი არ არის. ჩართულობა ფასდება იმით, თუ რა პასუხისმგებლობები გაუჩნდა სისტემაში ჩართულ სხვადასხვა რგოლებს. მას შემდეგ რაც, ეს ხელისუფლება მოვიდა, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პასუხისმგებლობები შემცირდა. მაგალითად გამომცემლობები საერთოდ ამოვარდნენ ამ ჯგუფიდან და წიგნებზე დაბეჭდვა/დარიგებაზეც  პასუხისმგებელი სახელმწიფოა“, - განცხადა სიმონ ჯანაშიამ. მისივე თქმით, სანამ სკოლებიდან რეგულაციების შეცვლის მოთხოვნა არ წამოვა და ეს არ იქნება მასწავლებლების, მშობლების და დირექციის მოთხოვნა, მანამდე გადაწყვეტილების მიმღებები ყოველთვის იტყვიან, რომ მათ მეტი კომპეტენცია აქვთ სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ და დაიცვან სკოლები არასათანადო გადაცდომებისგან. „ადამიანები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტად იზრუნებს სახელმწიფო, მით უფრო ამაღლდება ხარისხი, სინამდვილეში ეს ზრუნვა გადადის შეზღუდვებში  და მეტ ბიუროკრატიაში“. - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.   პროექტი --”მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისთვის” --ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთისმართვისინსტიტუტის (EWMI)პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა დასამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხისგულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატებისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატია არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.   „Teachers for Child Friendly School“ project is implemented through the Policy, Advocacy, and Civil Society Development in Georgia (G-PAC) program of East-West Management Institute (EWMI). This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents of this article do not necessarily reflect the views of USAID or the United States Government.