რას ამბობენ NGO-ები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილებაზე
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს მთავრობის ინიციატივას სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისა და მისი ფუნქციების შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტეგრირების თაობაზე.
"ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ დაგროვებულ კრიტიკას, თუმცა მოვუწოდებთ მთავრობას მიმდინარე პროცესს არ მისცეს მხოლოდ ფორმალური სტრუქტურული ცვლილების ხასიათი და არსებითად გადასინჯოს რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში მთავრობის პოლიტიკა". - ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციების შეფასებით, "2014 წელს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) შექმნა, ისევე როგორც მისი შემდგომი საქმიანობა მკვეთრად იყო გაკრიტიკებული ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე რელიგიური გაერთიანებების მიერ. საწყის ეტაპზევე რელიგიის თავისუფლების საკითხებზე არამონაწილეობითი ცენტრალიზებული ბიუროკრატული რგოლის გაჩენა, ასევე უწყების მიერ წარმოდგენილი სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი და მისი ხელმძღვანელობის წარსული გამოცდილება აჩენდა ეჭვებს, რომ აღნიშნული უწყება რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში უსაფრთხოების, კონტროლის მიდგომებს გააძლიერებდა და რეგრესული გამოცდილებების დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს. 4 წლის განმავლობაში აღნიშნული უწყების საქმიანობის შეფასების შედეგები არსებულ კრიტიკას არსებითად ადასტურებს, მათ შორის:
სამწუხაროა, რომ რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული არა ერთი გამოწვევის მიუხედავად, რომელმაც კიდევ უფრო ფართედ დააყენა არადომინანტი რელიგიური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის პრობლემა, ეს საკითხები მთავრობის დღის წესრიგში სათანადოდ არ დამდგარა და არც ჯეროვანი რეაგირების საგანი გახდა. რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობის მიერ არსებითად მხოლოდ სააგენტოს გადაებარა, რამაც ამ უწყების პრობლემური მიდგომების გათვალისწინებით, შექმნილი მდგომარეობის ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომებით შეცვლის შესაძლებლობები კიდევ უფრო შეზღუდა და ჩაკეტა.
ზემოთ აღნიშნული კრიტიკული შეფასებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ პრობლემურია არა მხოლოდ სააგენტოს მსგავსი ცენტალიზებული, არამონაწილეობითი ინსტიტუციური რგოლის არსებობა მთავრობაში, არამედ მისი საქმიანობის სტრატეგია და მიდგომები, რომელიც მთავრობის მიერ სათანადოდ უნდა იქნას გააზრებული და შეცვლილი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
თანასწორობის მოძრაობა
მედია განვითარების ფონდი (MDF)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საფარი