რას იწვევს ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა
საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
„ლიბერალი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თაკო უგულავას ჩამოვართვით.
თაკო უგულავას თქმით, როცა გარემო დაბინძურებულია ტყვიით, ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფილტვებიდან უფრო აქტიურად ხვდება ბავშვების ორგანიზმში, ვიდრე მოზრდილებისაში.
„ეს ძალიან მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. ტყვიის მინიმალური შემცველობის შემთხვევაშიც (დაბალ ზღვარზე) ის პირდაპირ გავლენას ახდენს IQ-ს კომპონენტზე" . - ამბობს უგულავა.
უგულავა ჰყვება, რომ კოგნიტური განვითარება ტყვიის შემცველობით ძალიან ზარალდება. ტყვია გადის პლაცენტარულ ბარიერს. ამიტომ თუ ორსული დაბინძურებულია ტყვიით, ის ნაყოფზეც გადადის.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ტყვია არ იკურნება. არსებობს მისი ე.წ. ხელატური მკურნალობის მეთოდი, მაგრამ მას ბევრი უკუჩვენება აქვს. მას ტყვიის მსგავსად სხვა მიკროელემენტებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. ძალიან კრიტიკულ ზღვრამდე მისულ შემთხვევაში იძლევიან ამ მკურნალობის რეკომენდაციას. დანარჩენ შემთხვევაში ბავშვი უნდა ჩამოვაშოროთ წყაროს.
იმ შემთხვევაში, როდესაც ტყვიის მომეტებელმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კალციუმის მეტაბოლიზმი დ ვიტამინის მეტაბოლიზმის პრობლემები - მაქსიმალურად კარგია კვების ნუტრიციის მოწესრიგება - რომელიც ყველა მიკროელემენტს შეიცავს. ეს შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორც ტყვიის ანტიდოტი.
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მომატებულია სისხლში ტყვიის შემცველობა, ჯერ წყაროს დადგენაა საჭირო და მერე კვებითი რეჟიმის შერჩევა - ამბობს უგულავა.