რას ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაიარაღების 2017-2020 წლების გეგმა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ სტუდიაში მედიის წარმომადგენლებისთვის მაუწყებლის მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. გეგმა 2017-2020 წლებში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.
„პირველი ეტაპი, 2017 წელი - გამოცხადდება არქიტექტურის კონკურსი შენობისთვის, სადაც 4 წლის შემდეგ განთავსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუმცა გადაიარაღების დიდი ნაწილი არსებულ შენობაში მოხდება. მაგალითად, ნიუსრუმი, საინფორმაციო სამსახური, რომელიც დღეს ძალიან მძიმე პირობებში მუშაობს, მათ არ აქვთ გარე აღჭურვილობა, კამერები, მიკროფონები, ეს ყველაფერი მოძველებულია, ასევე შიდა სამუშაო სივრცე. მიმდინარეობს რემონტი და ახალი ტექნოლოგიით აღიჭურვება ნიუსრუმი.
„მოამბეს“ და ტოქშოუებს ექნება ახალი იდეა, რათა ოპერატიულად მიაწოდონ მაყურებელს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზიით არ გავრცელდება. ახალი სისტემა ყველა პლატფორმისთვის იქნება გათვლილი.
სრულად განახლდება კამერა პარკი, რათა ჩვენმა თანამშრომლებმა თამამად შეძლონ ყველა სიტუაციაში მუშაობა.
მთავარი საკითხი არის განათების აღჭურვილობა, რომელიც ეხება როგორც საინფორმაციო გამოშვებებს, ასევე გადაცემებს. ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში 1975 წლის შემდეგ არ განახლებულა. განათების პროექტი სრულად მოიცავს ტელევიზიას და მთავარი საკითხი - როგორც კი ჩვენი ახალი შენობის მშენებლობა დასრულდება 2020 წელს, ამ აპარატურის სრულად მიგრაცია მოხდება იმ შენობაში.
წელს ძალიან დიდი ყურადღება მიენიჭება გავრცელებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშია სხვადასხვა ხარისხი. გვაქვს დაბალი და მაღალი ხარისხი. ჩვენი მიზანია, „მოამბეც“ გავიდეს მაღალ ხარისხში, ხმა იყოს სტერეო და მაყურებელმა ნახოს ის, რასაც რეალურად ვქმნით.
წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ვები და საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ყოველ წუთში აახლებს ინფორმაციას და არის კონკურენტუნარიანი და ოპერატიული ვები და სააგენტო.
ჩვენი ჟურნალისტებისთვის მთავარი საკითხი არის ავტოპარკის განახლება ჩვენი ჟურნალისტებისთვის. რადგან ჩვენ ქვეყნის ყველა წერტილში ჩასვლას ვერ ვახერხებთ და მიმდინარე წელს ეს პრობლემაც აუცილებლად მოგვარდება.
2017-2020 წლის პერიოდი - არსებული სტუდია ტელევიზიის მესამე კორპუსში, რომელიც მოემსახურება სხვადასხვა ტიპის გადაცემას. აპარატურის ნაწილს წელს შევიძენთ, მაგრამ ძირითადი ნაწილის მიგრაცია 2020 წლისთვის მოხდება.
ასევე, ვამატებთ სხვადასხვა ზომის სტუდიებს ახალ შენობაში. დიდი სტუდია მეგაშოუებისთვის, საინფორმაციო სამსახურს ექნება ახალი სტუდია, რომელიც თვითონ ნიუსრუმში იქნება განთავსებული.ასევე, დილის და დღის გადაცემებისთვის იქნება ახალი სტუდიები ახალ შენობაში.
მიმდინარე საკითხებში გვაქვს რეგიონული ოფისები, რომ სრულად მოვიცვათ საქართველო და სხვადასხვა რეგიონიდან შევძლოთ მაუწყებლობა.
მიმდინარე საკითხებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის არქივი. მისი გაციფრულება მოხდება ეტაპობრივად. 2017 წლის პროექტში დევს საინფორმაციო სამსახურის არქივი. რაც შეეხება ცენტრალურ არქივს და ოქროს ფონდს, ესეც ამ წლების განმავლობაში ცალკე პროექტად განხორციელდება.
დიდი ყურადღება ეთმობა რადიოს, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა პლატფორმაზე უნდა იყოს ისეთი ოპერტიული და ხარისხიანი, როგორსაც ვგეგმავთ.
წლევანდელ პროექტში ზის ბათუმის ოფისის შექმნა და ამ 4 წელში რეგიონების უმეტესობაში გვექნება პავილიონები“.