რას მოასწავებს „კონტი-ჯგუფის“ წასვლა ანაკლიის პროექტისთვის?
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, მათი პარტნიორებიდან "კონტი–ჯგუფის" გამოთიშვა, არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა არ წარმოადგენს იმ მასშტაბის პრობლემას, რომ ანაკლიის პროექტი დააზიანოს. იგი გადაჭარბებულად მიიჩნევს იმ შეფასებასაც, რომ ამერიკული კომპანიის წასვლა, პროექტის მიმართ დასავლეთის ინტერესების შესუსტების მომასწავებელია.
ლევან ახვლედიანის განცხადებით ბოლო დროს „კონტი ჯგუფის“ როლი შემცირებული იყო. მათ პასიურობას იმით ადასტურებს, რომ კონსორციუმში ინვესტირებული 70 მილიონი დოლარიდან "კონტი–ჯგუფის“ წილი მიზერული იყო.„პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი და ჩვენ ასეთი გვყავს და ეს არის „ესესეი მარინი“", - აცხადებს ახვლედიანი.
გენერალური დირექტორი კონსორციუმიდან ერთ-ერთი დამფუძნებლისა და 42 პროცენტიანი წილის მფლობელის წასვლის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს. შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება „კონტი ჯგუფის“ გასვლა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ კომპანია ამ ეტაპზე არ აპირებს ამ გადაწყვეტილების მიზეზების საჯაროდ დაფიქსირებას. „ჩვენ კონკრეტული გზა გვაქვს გასავლელი და გვინდა, რომ ეს ყველაზე ეფექტურ რეჟიმში გავიაროთ. ამდენად, თავს ვიკავებ მიზეზების დასახელებისგან,“ - განაცხადა ახვლედიანმა.
მაშინ როცა ოპოზიცია "კონტი ჯგუფის" წასვლას ანაკლიის პროექტის დასამარების წინაპირობად ასახელებს და ყოველივეს ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკის ლობირებით ხსნის, ფაქტს გაცილებით მარტივ ახსნას უძებნიან უმრავლესობის წევრები და არჩევანს კომპანიის კომერციულ მოსაზრებას უკავშირებენ. „ერთი გავა, კონსორციუმმა მეორეზე უნდა იმუშაოს და თავის ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. კონსორციუმის დაკავშირება კონკრეტული პირების გვარებთან, ეს არ არის ფაქტორი, რომელიც სახელმწიფოს სტრატეგიას შეცვლის ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და არა კონსორციუმისთვის ან კონკრეტული რომელიმე პიროვნებისთვის“,- აცხადებს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი.