რატომ თქვა მთავარმა პროკურორმა, რომ გადამალულ დანაზე იყო ორივე მოკლულის დნმ - შოთაძის პასუხი
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მომუშავე დროებითი საგამოძიებო კომისია შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეკითხვებს უსვამს. საგამოძიებო კომისიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს ჰკითხა იმ ბრიფინგის შესახებ, რომელზეც მან გამოძიების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე მოკლულის დნმ ამოსულია გ.ბ.-ს დანიდან.
„თქვენ საზოგადოებას უთხარით, რომ გ.ბ.-ს დანიდან ამოსული იყო ორივე მოკლული ადამიანის დნმ. იცით, თუ არა, რომ ეს არის ტყუილი? ამ დანაზე არ არის ამოსული ორივე მოკლულის დნმ. ახლა გაიგეთ ამის შესახებ? მაშინაც იცოდით? შეცდით? არ მოგაწოდეს ზუსტად ინფორმაცია? მერე გაარკვიეთ, თუ რა ხდება? ძალინ პრინციპულ საკითხზე სწორედ იმ საკითხზე, რომელიც სასამართლომაც კი არ გაიზიარა? აქ ინტერპრეტაციებსა და ვერსიებზე კი არ ვსაუბრობთ, აქ კონკრეტულ ფაქტზე ვსაუბრობთ. დგინდება, რომ ამ დანაზე არ არის ამოსული დავით სარალიძის დნმ. საზოგადოებას ეუბნებით, რომ არის ორივე დნმ. რას ემსახურებოდა ეს ტყუილი?“, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ირაკლი შოთაძის თქმით, მან ბრიფინგზე ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც მას ჰქონდა იმჟამად და რაც მას მიაწოდეს ქვემდგომმა პროკურორებმა.
„ეს უპირველეს ყოვლისა არ არის ტყუილი. მე ვისაუბრე იმ ინფორმაციაზე, რაც ქვემდგომმა პროკურორებმა მომაწოდეს. ეს დეტალურად არ გამივლია. იქ საუბარი იყო, რომ ორივე დანიდან ამოსული იყო შესაბამისი დნმ. აქ იგულისხმებოდა რომ გ.ბ.-ს დანა გახვეული იყო ხელსახოცში, იქიდან ამოვიდა დნმ პროფილი მოკლული სარალიძისა“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ბრიფინგზე მთავარი პროკურორის ეს განცხადება იყო ფაქტობრივი ტყუილი, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენის თანახმად, გ.ბ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში. მოსამართლომ გ.ბ-ს მიმართ პროკურატურის ბრალდება არ გაიზიარა.
დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში კი გ.ბ. მოსამართლემ დამნაშავედ ცნო.