რაზე მსჯელობენ სოციალური პარტნიორები სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე

 
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეკრება დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს. კომისიას პრემიერ-მინისტრის მაგივრად, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. მონაწილეობენ დამსაქმებლები, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები. ასევე დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ კორძახია. დავით სერგეენკომ კომისიის გახსნაზე მოკლედ ისაუბრა, კონკრეტულად, რა საკითხებს განიხილავენ დღეს. მისი განმარტებით, მართალია, საზოგადოების ყურადღება მაქსიმალურადაა მიპყრობილი შრომის ინსპექციის მუშაობაზე: “თუმცა, თუ შრომითი უფლებების პოლიტიკის გამართულ მუშაობაზე ვისაუბრებთ, კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარს, ჯობია, ვიმსჯელოთ, როგორ უნდა იყოს მთლიანად სისტემა გამართული. და ეს სისტემა მხოლოდ შრომის ინსპექცია არაა. ესაა 6-ეშელონიანი იერარქია, რომელშიც ინსპექციის გარდა, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, პროფესიული დაავადებების შემსწავლელი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტები არიან ჩართულები და პასუხიმგებები. პრობლემის მოსაგვარებლად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ”. შესავალი სიტყვის შემდეგ, კომისიის შეხვედრა მედიისთვის დაიხურა. თუმცა, ჟურნალისტებს, საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ მათ წევრებს. დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, „აზოტის ქარხნიდან“ გათავისუფლებულებს და სახელმწიფო მედიაციას ეხებოდა, უპასუხა. “აზოტის შრომით დავას რაც ეხება, მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, დიალოგი კანონიერ ფარგლებში წარიმართოს და აქციების ფორმატიდან უფრო მშვიდ გარემოში გადაინაცვლოს. ვიცი, რომ არის გარკვეული შეთანხმებები კომპანიისგან, თუ მეორე მხარეს ეს არ მოეწონება, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ”, - განაცხადა მინისტრმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე სერგეენკომ თქვა, რომ დეტალებში გარკვეული არაა, თუმცა, იცის, რომ შიდა პოლიტიკაზე მსჯელობს სამეთვალყურეო საბჭო  და მისი დირექტორი და თუ დაგეგმილი ცვლილებებით, დაირღვევა თანამშრომელთა უფლებები, შეუძლიათ, მათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის დაწყებისთვის, შემდეგ კი, სასამართლოს. ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა დამსაქმებელთა ასოციაციების ხელმძღვანელმა, მიხეილ კორძახიამაც. მან ახსენა “ბიბლუსის” და “ფრესკოს” თანამშრომლების მიერ გავრცელებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, სწრაფად მოახდინა რეაგირება, შეამოწმა და აღნიშნული ფაქტეები, რაც იძულებით შრომას ეხებოდა, არ დადასტურდა. თუმცა, შეკითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა ასეთი ბრალდებების შესწავლა „ფრესკოს“ მხოლოდ ერთი მაღაზიის, რამდენიმესაათიანი მონიტორინგის შედეგად, კორძახიამ აღნიშნა, რომ ეს მისი პრეროგატივა არაა, ის არ იცნობს ამ შემოწმების დეტალებს და ამ შემთხვევაში, ენდობა ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნას. დასაქმების ასოციაციების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე. თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან, სადაც საუბარია შრომითი პირობების შემოწმების შემდეგ, გარკვეული სანქციების დაკისრებაზე კერძო ბიზნესისთვის და პლუს, ნებაყოფლობითი შემოწმების სისტემის გაუქმებას, ასოციაციას სერიოზული შენიშვნები აქვს: „დღეს ამ შენიშვნებს სამინიტროს წარვუდგენთ, რადგან გარკვეული მუხლები ბიზნესს საფრთეს უქმნის და ეს არაა კარგი”. სამხრივ კომისიას ესწრება პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც. მან დავით სერგეენკოს კომენტარს უპასუხა: „მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს შრომითი უფლებების პოლიტიკაზე სისტემურად უნდა ვისაუბროთ. ცუდია, რომ დღეს თავს არიდებენ „აზოტის ქარხანაში“, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, „ბიბლუსსა“ და „ფრესკოში“ მიმდინარე მოვლენების განხილვას თავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელწმფო ითვალისწინებს კერძო სექტორის მოსაზრებებს და თავს არიდებს რეალურ პრობლემებს“. რაც შეეხება „ფრესკოს“ შემოწმების საკითხს, „ლიბერალი" კომისიის ერთ-ერთ წევრს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლევან ჟორჟოლიანს ესაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მოკვლევა ჩაატარა და „ფრესკოს“ ერთ-ერთ მაღაზიაში იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესასწავლად მონიტორები შეუშვა. დეპარტამენტმა ადგილზე იძულებითი შრომის შემთხვევები ვერ დააფიქსირა და ამის შესახებ, იმავე დღეს მინისტრმა, დავით სერგეენკომაც განაცხად, რომ „ფრესკოს“ თანამშრომლებმა არ დაადასტურეს ხელმძღვანელობის მიმართ გავრცელებული ბრალდებები.  ლევან ჟორჟოლიანი იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომლის მანდატიცაა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების შესწავლა. შეკითხვაზე, რა პრინციპით შეამოწმეს მაღაზია და ვის გაესაუბრნენ, ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მონიტორები მთელი დღის განმავლობაში „ფრესკოს“ ერთ მაღაზიაში იმყოფებოდნენ, სადაც 10-ზე მეტ თანამშრომელს შეავსებინეს სპეციალური ბლანკები, ასევე ჩაატარეს მათთან ინტერვიუები, შემდეგ კი, გადაინაცვლეს სათავო ოფისში, სადაც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, შეისწავლეს რამდენიმე თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება: „ეს არის მონიტორინგის პროცედურები. სწორედ ამის საფუძველზე დასაქმების ადგილზე იძულებითი შრომის შემთხვევები არ გამოგვივლენია", - ამბობს ჟორჟოლიანი.