რელიგიების სააგენტოს წარმომადგენელმა სკოლაში რელიგიის საგნის სწავლების შესახებ ისაუბრა

 
„ლიბერალის" მიერ გუშინ გამართულ დისკუსიაზე - „უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგიის საგანი სკოლაში?" - რელიგიების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, არჩილ მეტრეველმა, იმ ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, სკოლებში რელიგიის საგანი უნდა ისწავლებოდეს.  „სკოლებში რელიგიის სწავლების საჭიროების ორი მოცემულობა არსებობს: რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში და საზოგადოების ინტერესი რელიგიის მიმართ. შეიძლება მცირეწლოვანი თავად ვერ აკეთებდეს არჩევანს, უნდა თუ არა რელიგიის სწავლა, მაგრამ ხშირად ამას მშობლები ცდილობენ. ზოგიერთ მასწავლებელს განსაკუთრებული მონდომებით ბავშვები წირვა-ლოცვაზე დაჰყავს, მუსიკისა და ფიზკულტურის გაკვეთილების ხარჯზე, რის შემდეგაც დირექტორისგან შენიშვნის მიღების შემთხვევაში, განაწყენებული რჩება“. არჩილ მეტრეველის თქმით, სააგენტოს თვითმიზანი არა რელიგიის სწავლება, არამედ მრავალფეროვან საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ გაუცხოების დაძლევაა, რის საუკეთესო საშუალებადაც რელიგიის შესახებ ობიექტური, ნეიტრალური და კვალიფიციური აკადემიური ინფორმაციის მიწოდებას მიიჩნევს. „ჩვენი აზრით ეს ადგილი შეიძლება იყოს სკოლა, თუმცა ეს არ არის მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ინიციატივა, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ“ - თქვა მეტრეველმა. მან აღნიშნა, რომ საუბარია ინტერრელიგიურ განათლებაზე და კურსის საწყის ეტაპზევე უნდა ისწავლებოდეს რელიგიის ფენომენი, თუ რას ნიშნავს რწმენა, თავისთავად რელიგია და რას ნიშნავს რელიგია ადამიანისთვის.  „გვსურს, რომ საზოგადოებამ რელიგიები გაიცნოს არა იმ სამწუხარო რეალობაში, რომელშიც რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებსა და პროვოკაციებს ვხედავთ, არამედ აკადემიურ სივრცეში“ - თქვა არჩილ მეტრეველმა. მისი განცხადებით, გამოწვევაა ის, რომ სკოლებში გარკვეული საგნების, მაგალითად ისტორიის სწავლება რელიგიური თემების გაცნობის გვერდის ავლით შეუძლებელია: „ისტორიაში არის ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც რელიგიურ საკითხებს ეხება. ძალიან ძნელია ისტორიული ფაქტები ისე მიაწოდო მოსწავლეს, რომ არ აღნიშნო ის სიმახინჯე, რომელიც ისტორიის რომელიმე ეტაპზე რელიგიის სახელით მოხდა. ამიტომ, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მასწავლებლებს, ასეთი ტექსტების სწავლებისგან თავი შეიკავონ. ამისათვის, საჭიროა, მოსწავლე არამარტო ასეთ ტექსტებს გაეცნოს, არამედ გაეცნოს რელიგიებსაც, რომლებიც თავისთავად ასეთები არ არის და ინსტრუმენტად გამოიყენეს“. 12 სექტემბერს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხების ყოველწლიურ კონფერენციაზე სკოლაში რელიგიის საგნის სწავლების ინიციატივით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გამოვიდა.