რეცენზია: დაკარგული სტამბის ამბავი

 
„ფარშავანგი, ვითომ ისტორიული ამბავი“ - აკა მორჩილაძის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა. ეს არის კიდევ ერთი საჩუქარი ბევრი ჟამის აღმწერელი კაცისგან. სულ რაღაც 150 გვერდია, მაგრამ დიდი ამბების შესახებ წერია. წარმოსახვა ტრადიციულად მიწიდან ცამდეა აზიდული - არცაა გასაკვირი კაცისგან, თბილისი რომ ფოთში წაიღო, ფოთი კიდე თბილისში ჩამოიტანა. მერე კიდე ერთი მუჭა საქართველო შავი ზღვის შუაგულში შეაცურა და იქ აცხოვრა ძალზე საინტერესოდ. სათაურშივე გვაფრთხილებს, რომ ამბავს სარწმუნო წყარო არ ექნებაო, მაგრამ ყველგან წმინდა ქართული ამბავია. ისეთი, რომელსაც უცხო ვერაფერს გაუგებს, ან თუ გაუგებს, აუცილებლად განერიდება, გაუთავებელი ომებით, სიძულვილით, ღალატით, დაყოფით და ისეთებით, მრავლად რომ ვიცით ისტორიიდან. გეოგრაფიულად ის ხდება, რაც ხდებოდა. დაყოფილები ვართ საქართველოებად. სამ სამეფოდ (ქართლის, კახეთის, იმერეთის) და ოთხ სამთავროდ - სამეგრელო, გურია, სამცხე და მერე კიდევ აფხაზეთი. გარშემო კიდე მტრები არიან და როცა გარშემო მტერია, შიგნითაც გამოჩნდება ხოლმე. ძირითადად, ქართლისა და კახეთის სამეფოებში მიმოვდივართ, რადგან მთავარ კითხვაზე პასუხი სწორედ ამ სამეფოებში იმალება. ხანდახან კი იმერეთის სამეფოც ეჩხირება, უფრო სწორად კი, იმერეთში ეჩხირება სტამბა, რომელიც ვენეციელებს ქართლის მეფისათვის მიჰქონდათ.