რობერტ ჰენკეს ახალი აუდიოვიზუალური პროექტის პრემიერა თბილისში 21 ივნისს გაიმართება

 
SOU ფესტივალის ფარგლებში მორიგი არტისტი, რომელსაც ქართველი მაყურებელი და მსმენელი იხილავს რობერტ ჰენკეა. მისი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 21 ივნისს 22:00 საათზე დაიწყება.  რობერტ ჰენკე გერმანელი აუდიოვიზუალური არტისტია, დაბ-ტექნო დუეტის — Monolake-ის წევრი და ბერლინისა და სტენფორდის უნივერსიტეტების ლექტორი, სადაც იგი კომპიუტერულ მუსიკას და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებს ასწავლის. ამავე დროს, ჰენკე კომპანია Ableton-ის დამაარსებელი და მთავარი ინჟინერია. კომპანიის მიერ წარმოებული კომპიუტერული პლატფორმა თანამედროვე პროდიუსერების/DJ-ებისთვის ყველაზე პოპულარული პროგრამაა მუსიკის შესაქმნელად.  ლონდონის Barbican Hall-ის და ბრიუგეს Concertgebouw-ის შემდეგ, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მესამე ადგილი იქნება სადაც ჰენკე Lumière III-ს შეასრულებს. Lumière III, რომლის პრემიერაც 2017 წელს შედგა, გრძელვადიანი საკონცერტო პროექტის მესამე ნაწილია. ეს მინიმალისტური, ხმაურიანი და პოეტური აუდიოვიზუალური ნამუშევარია, სადაც მრავალმხრივი ხმა და მაღალი სიზუსტის ლაზერული განათება ერთიანდება. ექვს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მედიუმის უნიკალური თავისებურებების სიღრმისეული ძიებების და Lumière I-ის პრემიერიდან სამი წლის შემდეგ, მესამე ვერსია — Lumière III — მნიშვნელოვანი წინსვლის მაგალითია. ალგორითმების წერა ჰენკეს შემოქმედებითი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ Lumière ლაზერის განათების მართვის აქამდე არარსებული, უნიკალური სტრუქტურის განვითარების უფრო სიღრმისეულ და ზუსტ დონეს აღწევს. ჰენკეს მიერ შექმნილ პროგრამაში ლაზერის განათება გამომსახველობით მუსიკალურ ინსტრუმენტებად იქცევა, რომელსაც უნიკალური თვისებები და სრულიად ახალი შესაძლებლობები გააჩნია. სწრაფი და მოძრავი სარკეების საშუალებით სინათლით ხატვა მაღალტექნოლოგიურ კალიგრაფიას ქმნის და შედეგად მიღებული არტეფაქტის სიზუსტე ერთი ყოვლისმომცველი ტექნოლოგიის ორი ასპექტია. ბგერა და გამოსახულება ერთია, ერთიანი და აბსოლუტური მთლიანობა. Lumière III არის წარმოდგენა კონცერტისა და ვიზუალური ხელოვნების ზღვარზე. სახელწოდება Lumière ფრანგულად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ იმავდროულად, ადრეული ხანის კინემატოგრაფის პიონერებზე — ოგიუსტ და ლუი ლიუმიერებზეც მიანიშნებს.