როსტოშვილს და კურტანიძეს პატიმრობის ვადა შეუმცირდათ

 
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან  და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ორივე მათგანს სასჯელის ვადა შეუმცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  ტელეკომპანიასთან ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოში შედგა განხილვა, სადაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რეალური სასჯელის ვადად ლაშა კურტანიძეს ერთი, ლევან როსტოშვილს კი სამი წელი განესაზღვრათ. ორივე მათგანს 40 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი დაეკისრა - კურტანიძეს სამი და როსტოშვილს ოთხი წელი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.