„რუსთავი 2“ 19 თებერვალს აქციას გამართავს - ნიკა გვარამია

 
„რუსთავი 2“ 19 თებერვალს აქციას გამართავს, - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გვარამიას განცხადებით, ამ დღეებში გადაწყდება, ტელეკომპანიის, თავისუფალი სიტყვისა და ქართული დემოკრატიის ბედი. „რუსთავი 2-ის“ თავზე შავი ღრუბელია შეკრული. ჩვენ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით. ამ დღეებში გადაწყდება, „რუსთავი 2-ის”, თავისუფალი სიტყვისა და ქართული დემოკრატიის ბედი. ძალიან მძიმე ზეწოლაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია იქეთკენ არის მიმართული. ამიტომ ჩვენ, „რუსთავი 2-ელებმა“ გადავწვიტეთ, კვირას, 14:30 საათზე, ძველი პარლამენტის შენობასთან შევიკრიბოთ. ვიდგებით იქ ყველანი და მოვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენი უფლებების დაცვას, იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად, ყველანი, ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც ძვირფასია „რუსთავი 2“, მაგრამ მათაც, ვისაც „რუსთავი 2“ არ მოსწონს, მაგრამ მიაჩნია, რომ მედიისა და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. გიწვევთ ყველას, ერთად გავაპროტესტოთ უკანონობა. მე აუცილებლად ვიდგები ამ მიტინგზე, თუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ასე არ მოხდეს, იდგება ყველა მინუს მე - ჩვენ მაინც ვიქნებით ბევრნი“, - განაცხადა გვარამიამ.