სააპელაციო სასამართლომ „ფილიპ მორისი“ 92 მლნ ლარის გადახდისგან სრულად გაათავისუფლა

 
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტების შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეის“ საჩივრების განხილვა დაასრულა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.  მოსარჩელე იყო სს „თბილისის თამბაქო“, რომელიც შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეისთვის“ ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებას მოითხოვდა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საწარმოები თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ეწეოდნენ სხვადასხვა სახის სიგარეტის რეალიზაციას, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ სს „თბილისის თამბაქოს“.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეის“ სოლიდარულად დააკისრა 92 მილიონამდე ლარის ზიანის ანაზღაურება სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ, რაც სრულად გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.