„საბჭომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“ - სანიკიძე IBSU-თვის სტუდენტების მიღების შეჩერებაზე

 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის, თამარ სანიკიძის თქმით, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის (IBSU) სტუდენტების მიღების ერთი წლით შეზღუდვა კანონიერია. მისი განმარტებით, უნივერსიტეტი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა და აქვს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. ეს გახდა სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი. „მათ უკვე დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე დაფიქსირდა, რომ ისინი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. დღეისთვის ეს თანხაა 715 ათასი ლარი. ეს არის მიზეზი, რომ სრულიად დაყადაღებულია მათი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები“, - თქვა თამარ სანიკიძემ. სანიკიძის თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა შეეხებათ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს. უნივერსიტეტი მხარდაჭერისთვის არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებას მიმართავს.