საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი ამხილა

 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისa და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი კომერციული სასწავლო დაწესებულების  ხელმძღვანელი პირი ამხილა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით  დაამზადა და 3 300 ლარად გაასაღა აჭარის რეგიონში არსებული ერთ-ერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი. ხოლო მეორე შემთხვევაში იმერეთის რეგიონში არსებული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი. საქმეზე   მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.