საია: სამართალდამცავების სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები სისტემური პრობლემაა
საია „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემასა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა, ხოლო რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს.
„წლებია, სისტემურ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ამასთან, ცნობილია არაერთი ფაქტის შესახებ, სადაც მოქალაქეები საუბრობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს.“ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ინსიტიტუტის არარსებობა და შემთხვევების არაეფექტური გამოძიება უფრო ახალისებს ასეთი ტიპის დანაშაულების ჩადენას. აღნიშნულს ემატება ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც მოქალაქეთა დასჯის მექანიზმად იქცა. მდგომარეობას ართულებს სასამართლო კონტროლის არაეფექტურობა იმ პირთა საქმეებზე, რომლებიც საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ,"- ამბობენ საიაში.
საიაში მიიჩნევენ, რომ უკვე წლებია სახელმწიფოს არ აქვს სათანადო რეაგირება სისტემურ პრობლემებზე. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაეფექტურია და პრობლემებს ვერ აგვარებს.
საიაში ასევე საუბრობენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. მათი თქმით, ამ გარემოებებმა არაერთი კითხვა გააჩინა „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით:
"აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებასა და დაპატიმრებას ჰქონდა ,,დაფარული დღის წესრიგი“ - დაესაჯათ პოლიციელის მიმართ კრიტიკული ვიდეომასალის გავრცელებისათვის. აღსანიშნავია, რომ კლიპის შინაარსი და მასში აღწერილი ფაქტები გამოხატვის თავისუფლებით სრულად არის დაცული. ამდენად, ამგვარი მიზნით ადამიანის დაკავება და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს კონვენციის მე-5 მუხლთან კავშირში, ვინაიდან ადამიანის დაკავება და დაპატიმრება ემსახურება არა დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობის გამო ადამიანის სასამართლოსთვის წარდგენას, არამედ სხვა მიზნებს (ბრალდებულის დასჯას პოლიციელის მწვავე კრიტიკისათვის).
პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები „ბირჟა მაფიის“ წევრებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ," - ამბობენ საიაში.
საიაში ასევე საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების არაადეკვატურობაზე.
„მართალია, ცნობილი გახდა რომ დაწყებულია გამოძიება „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების კანონიერების ირგვლივ, თუმცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია, რომლითაც აღნიშნული გამოძიებაა დაწყებული, ამ ეტაპზე არასრულყოფილია. პროკურატურის განცხადების მიხედვით, მგალობლიშვილისა და ქებურიას ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას გულისხმობს. თუმცა, როგორც ბრალდებულები აცხადებენ, მათ მიმართ ასევე ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც არ მოიცავს აღნიშნული კვალიფიკაცია და ექვემდებარება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით კვალიფიკაციას (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა)." - ამბობენ საიაში.
საია მიმართავს პროკურატურას, სრულყოფილად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიოს მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მიმართ სავარაუდო კანონდარღვევა და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი.