საკაბელო ოპერატორებმა შესაძლოა „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“ და კიდევ 3 არხი გათიშონ

 
საკაბელო ოპერატორებმა შესაძლოა, ექვსი არხის, „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, GDS-ის, „მარაოს“, „კომედი არხის“, „მაესტროს“ გათიშვის გადაწყვეტილება მიიღონ. 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი  ეწინააღმდეგება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნას, რის საფუძველზეც საკაბელო ოპერატორებს 6 არხის ტრანსლირებისთვის თანხის გადახდა მოუწევთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის  ინფორმაცiით, ამის შესახებ საკაბელო ოპერატორების დღევანდელ შეხვედრაზე, ერთ-ერთი კომპანიის KTV1-ის წარმომადგენელმა მირიან კიკნაძემ ისაუბრა.   „ეს ტელევიზიები ძირითადი მოთამაშეები არიან სარეკლამო ბაზარზე. მათი რეიტინგი ჩვენი მეშვეობით იქმნება. სწორედ ჩვენი დახმარებით იქმნება მათი შემოსავალი. მათი მოთხოვნა არაკანონიერია. მსგავსი წინადადება „რუსთავი 2“-ს რამდენიმე წლის წინ ჰქონდა. საკაბელო ოპერატორთა ნაწილმა მისი ტრანსლირება შეწყვიტა, სავარაუდოდ, ასე მოხდება ახლაც, თუკი მათი მოთხოვნა ძალაში დარჩება“, - განაცხადა მირიან კიკნაძემ.  საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშრის აღმასრულებელი დირექტორის თეონა ბერუაშვილის თქმით, საკაბელო ოპერატორები არ ეთანხმებიან  „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნას ქართული ტელეარხების ტრანზიტის საფასურის დაწესებასთან დაკავშირებით.  „არც ერთი მათგანი არ ეთანხმება კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნას ქართული ტელეარხების ტრანზიტის საფასურის დაწესებასთან დაკავშირებით. დავიწყებთ მუშაობას მემორანდუმზე, შევთანხმდებით რა საკითხები უნდა იყოს მასში მითითებული. მემორანდუმი მოიცავს იმ საკითხებს, თუ რას დაუპირისპირებენ მაუწყებლობის ტრანზიტზე არსებული პირები კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნებს“, - განაცხადა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა  თეონა ბერუაშვილმა.  საკაბელო ოპერატორები კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნიდან გამომდინარე, პარლამენტს, ბიზნესომბუდსმენს, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავენ.