სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე მთავარ პროკურორს მიმართა

 
სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. ერთ-ერთი საქმე შეეხება ხანდაზმული ადამიანის მიმართ შვილის მხრიდან სისტემატურ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას და სიცოცხლის ხელყოფის მუქარას. „ე.ქ.-მ 2010 წლიდან 18-ჯერ მიმართა პოლიციას ოჯახში ძალადობისგან დასაცავად, შეტყობინებებში ძირითადად ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ე.ქ. რამდენიმე წელია, პოლიციას დასახმარებლად მიმართავს, მას არ ეძლევა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და მორიგი ძალადობის მოლოდინშია. სამართალდამცავი უწყების მიერ ე.ქ.-ს თითოეული მიმართვა განხილულია როგორც ცალკე აღებული შემთხვევა და ძალადობის სისტემატური ხასიათი გათვალისწინებული არ არის. ასევე, არ მომხდარა მსჯელობა აღნიშნული ქმედებების ერთობლიობით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესახებ“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  მეორე საქმე კი შეეხება ქალისა და მისი შვილების მისამართით ქმრის მხრიდან განხორციელებულ ოჯახში ძალადობას და მუქარას. „ნ.ქ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის შვილებს სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ ნ.ქ. პოლიციის განყოფილებაში მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის საკმაოდ მძიმე ფორმებზე საუბრობდა, საქმეზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოცემული. ნ.ქ. შვილებთან ერთად რამდენიმე თვით განთავსდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში.  შესაბამისად,   დედისა და შვილების უსაფრთხოება დროებით უზრუნველყოფილია, თუმცა თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაძლებელია, ისინი კვლავ განმეორებითი ძალადობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც  სავარაუდო მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“,- ნათქვამია განცხადებაში.