სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მოტივი თავშესაფრის მაძიებელთა წინააღმდეგ
სახალხო დამცველის ინიციატივით გამართული მორიგი საჯარო დებატები უცხოელებისა და ნეიტრალური პასპორტის მქონე ადამიანების უფლებებს, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხს ეხებოდა. შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო სახელმწიფოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი ხშირად სახელმწიფო უსაფრთხოების თემა ხდება.
შეხვედრას ომბუდსმენის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე უძღვებოდა. თავის გამოსვლაში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლტოლვილთა უფლებების დაცვის შესახებ სახელმწიფოს მიერ აღებულ რიგ საერთაშორისო ვალდებულებებს შეეხო.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებელია უარი ეთქვას ლტოლვილის სტატუსზე იმ შემთხვევაში თუ იგი საფრთხეს უქმნის სახელწმიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. თუმცა ომბუდსმენის თქმით, ძირითადად, უარის თქმის საფუძველი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია ხდება, რომელიც კონფიდენციალურია და მისი გაცნობის უფლება არც განმცხადებელს აქვს და არც მის ადვოკატს.
„უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი ხშირად არ არის დასაბუთებული და არ შეიცავს ფაქტობრივ საფუძვლებს. ისეთ პიროებებში, როცა ადმინსიტრაციული ორგანოს პასუხი დასაბუთებას არ შეიცავს, თავშესაფრის მაძიებელი პირის შესაძლო უფლებების დარღვევის, ან შესაძლო დისკრიმინაციის შემოწმების (ფაქტობრივი გარემოებების არცოდნის გამო) საშუალება არ არსებობს, "- აღნიშნა ომბუდსმენმა.
ომბუდსმენი აქცენტს სტატისტიკაზე აკეთებს. მისი ინფორმაციით, 2016 წელს ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატაუსი მინიჭებაზე უარი ეთქვა 72 პირს. მათ შორის იყვნენ ერაყის, ავღანეთის, რუსეთის, სირიის და თურქეთის მოქალაქეები. უარის თქმის საფუძველი აქაც უმეტესად სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი იყო, რომელშიც ომბუდსმენის განცხადებით, როგორც წესი, გაშიფრული არ არის რა იგულისხმება.
ნანუაშვილმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობაზეც. როგორც იგი ამბობს, ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია და ადამიანები ნეიტრალური პასპორტის მიღების მხრივ ბევრ სირთულეებს აწყდებიან. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ გამყოფ ხაზზე განლაგებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელების მხრიდან ხშირად ადამიანები არაადეკვატურ, დამამცირებელ და ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ მოპყრობას აწყდებიან.
შეხვედრას ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული მისიის ხელმძღვანელი იოჰანეს ფან დერ კლაუ. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სასამართლო პრატიკაზე საუბრისას მოსამართლე შოთა გეწაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის შესახებ ქვეყანამ კანონი 1998 წელს მიიღო, 2011 წლამდე სასამართლოში სარჩელი არ შესულა. 2011 წლიდან კი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ სასამართლო დავების რაოდენობა მზარდია.
გეწაძის თქმით, სტატისთიკა ასე გამოიყურება: 2012 წელს სასამართლოში 22 სარჩელი შევიდა; 2013 წელს - 59; 2014 წელს - 85; 2015 წელს -102; 2016 წელს 161; ხოლო 2017 წლის ამ დროის მონაცემებით - 90 სარჩელი. როგორც მოსამართლე ამბობს, თავშესაფრის მაძიებლები ძირითადად რამდენიმე ქვეყნიდან მოდიან. ესენია: ირანი, ერაყი, ავღანეთი, ბანგლადეში, სირია.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი თამთა მიქელაძე. მან ძირითადად აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების და აქტივისტების საქმეებზე ისაუბრა. EMC-მ რამდენიმე დღის წინათ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აზერბაიჯანიდან დევნილ ჟურნალისტებს, სამოქალქო და პოლიტიკური აქტივისტების საქმეებს შეეხებოდა. ორგანიზაციამ სულ 6 ასეთი საქმე შეისწავლა.
მუხთარლის და სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტების საქმეები - EMC-ის ანგარიში