სალომე ზურაბიშვილი: მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად
სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქუთაისში გამართა. ზურაბიშვილმა ქუთაისში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა, რომ ის პრეზიდენტი გახდება და ამ თანამდებობაზე „ქაჯების დასათხოვნად მოდის“.
„მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად. იმიტომ, რომ ტყუილი, სიძულვილი - ეს ყველაფერი ამოვიდა ყელში“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა. ზურაბიშვილის თქმით, ეს სიძულვილი, რაც ქვეყანაშია, შავ აურას ქმნის და ახალგაზრდებზე გადამდებად მოქმედებს.
ზურაბიშვილის თქმით, მას ხშირად უწუნებენ ქართულის ცოდნას, მაგრამ ეს მისთვის მთავარი არაა. პრეზიდენტობის კანდიდატმა უცხოეთში წასულ სტუდენტებს მოუწოდა, ეცადონ ენის შენარჩუნებას, მაგრამ დაბრუნდნენ ყველა შემთხვევაში.
„მინდა, აქედან მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ არიან. თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით. იმიტომ, რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის. რომ მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ქვეყანამ ტერიტორიები ყველა მიმართულებით დაკარგა. მისი პრეზიდენტად მოსვლის ერთ-ერთი მიზანი კი ქვეყნის გაერთიანებაა.
„ბოლო ორ საუკუნეში ტერიტორიები დავკარგეთ ყველა მიმართულებით. ეს არის იშვიათი მოვლენა და გვინდა, ამ საზღვრების შენარჩუნება და გამთლიანება, როგორიც იყო“, - თქვა ზურაბიშვილმა.