NDI-ს კვლევა: „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს 31%, „ნაციონალურ მოძრაობას" - 9%
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აცნობს.
კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (57%-დან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას).
31% არჩევანს „ქართულ ოცნების" სასარგებლოდ აკეთებს; 9% „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს; 5% - „ევროპულ საქართველოს"; 9% - სხვა პარტიას; 29% პასუხობს - „არ ვიცი"; 10% - უარი პასუხზე; 8% - არც ერთი პარტია.
მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებულ NDI-ს კვლევასთან შედარებით „ქართული ოცნების" რეიტინგი 4%-ით არის გაზრდილი. „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 1%-ით შემცირდა. „ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რაოდენობა 2%-ით გაიზარდა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილია ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, თავდაცვასთან, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებასსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 20 მარტი-4 აპრილის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი.
ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე- ჯავახეთსა და კახეთში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%.
შერჩევა
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს.
სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად.
კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა. შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით.
არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება.
ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.