სამინისტრომ ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო
დემირელის სკოლის მენეჯერის, მუესტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, ექსტრადიციის პროცესი შეჩერდა იმიტომ, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ სტატუსის მიღების პროცედურა დაიწყო და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, ექსტრადიცია არ მოხდება. მისივე თქმით, ლტოლვილის სტატუსზე უარის შემთხვევაში ექსტრადიციის პროცესი გაგრძელდება. რა ვადებში მიიღებს ლტოლვილთა სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, უცნობია.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი, ადვოკატის განცხადებით, ექსტრადირების შეჩერების მიუხედავად, ციხეში დარჩება. ლტოლვილის სტატუსის მიღების შემთხვევაში კი დაწესებულებას დატოვებს.
ემრე ჩაბუქს გუშინ გაესაუბრნენ ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, დღეს კი - მისი ოჯახის წევრებს, ცოლს და შვილებს.
თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.
ემრე ჩაბუქს სასამართლომ 3 თვიანი წინასწარ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პროცესის პარალელურად დაკავებულის ადვოკატებმა ლტოლვილთა სამინისტროს მუსატა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს.
ხვალ 7 ივნისს, 11 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართავენ.