„სამშობლომ არ მიიღო“

 
რადიო "თავისუფლება" სპეციალურად "ლიბერალისთვის" The Washington Post: „მოსკოვში რუსეთის კრიმინალური ბოსი ჩაცხრილეს“. ამ ადამიანს შეიძლება „რუსეთის დონ კარლეონე უწოდო“,– უხსნის მკითხველს ჟურნალისტი კეტი ლალი. ესპანური გამოცემა ABC კი უსოიანს „ მაფიის ნათლიმამას“ უწოდებს, რომელმაც „კალაშოვი ქართული მაფიის თავკაცად აქცია“. გამოცემის  მტკიცებითვე შაქრო კალაშოვი, რომელიც ახლა ესპანეთში იხდის სასჯელს, უსოიანის სიძეა და დედ ხასანის კლანს ჩაუდგება სათავეში. The Financial Times კი წერს, რომ უსოიანი იყო რუსეთში უმაღლესი რანგის „კანონიერი ქურდი“ – "vor v zakone". ამ ცნების ახსნას  მკითხველისთვის გამოცემა ექსპერტ მარკ გალეოტის ანდობს: ისინი არიან დინოზავრები, ძველი საბჭოთა გულაგის დროინდელი დანაშაულებრივი სამყაროს მბრძანებლები“. თავად უსოიანზე კი ექსპერტი ამბობს: „ის იყო მსხვილი ობობა აბლაბუდის ცენტრში და არასოდეს ისვრიდა ხელებს“. გერმანული Die Welt – ის მიმომხილველი იულია სმირნოვა სტატიაში:„სნაიპერი „ძველ ფაეტონთან“ იცდიდა“ წერს: „ საქართველოში დაბადებულმა, წარმოშობით ქურთმა, 75 წლის „კანონიერმა ქურდმა“ ასლან უსოიანმა თავისი კრიმინალური კარიერა 1956 წელს დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში უზარმაზარი კრიმინალური იმპერია შექმნა არალეგალური კაზინოებით, იარაღისა და ნარკოტიკების ვაჭრობითა და წიაღისეულებზე გარიგებებით“. იულია სმირნოვა არ გამორიცხავს, რომ დედ ხასანის მკვლელობის უკან ქართული  კრიმნალური კლანი იდგეს, რომელსაც სათავეში  ჯემა მიქელაძე უდგას. კონფლიქტის  მიზეზად კი გამოცემა სოჭის ოლიმპიადისთვის მიმდინარე მშენებლობებზე რეკეტის უფლების მოპოვებას ასახელებს. The Christian Science Monitor ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას არის თუ არა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა იმის მიმანიშნებელი, რომ რუსეთში  90–იანი წლების კრიმინალური გარჩევები ბრუნდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არა, ნაწილი კი – პირიქით. მიზეზად კი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებში ახალი მეტოქეობის  გამომწვევ მიზეზებს ასახელებენ: სოჭის ოლიმპიადისთვის მიმდინარე მშენებლობებსა და ავღანეთიდან ჰეროინის კონტრაბანდის დერეფნებზე  კონტროლის მოპოვება. რუსული გამოცემების უმეტესობას ეჭვი არ ეპარება,რომ უსოიანის მკვლელობას საპასუხო ანგარიშსწორება მოჰყვება. „როსბალტი“ 17 იანვარს, დედ ხასანის მკვლელობის მეორე დღეს წერდა, რომ მოსკოვი სასწრაფოდ დატოვეს „ ქურდების გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებმა ჯემი მიქელაძემ, მერაბ ჯანგველაძემ და როქშან ჯანაევმა (ლენქორანელმა). როგორც სააგენტო განმარტავს „ქურდების გაერთიანებულ ოპოზიციას “ რუსი სამართალდამცავები იმ ქართულ და აზერბაიჯანულ კლანებს უწოდებენ, რომლებიც დედ ხასანს წინააღმდეგ შეიკვრნენ. რუსული სააგენტოების  ცნობით, დედ ხასანის საქმეს მისი ნათესავი დმიტრი ჭანტურია, მეტსახელად „მირონ“  გადაიბარებს. უსოიანის დასაფლავებისთანავე გაიმართება კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა დიდი თავშეყრა, „სხადნიაკი“, რომელზეც გადაწყდება, თუ ვისზე უნდა იძიონ შური. „ეს სიკვდილი გამოიწვევს დიდ გადანაწილებას  ფულად ბაზარზე, რომელშიც მონაწილეობს ყველა: პროკურორებიდან, მოსამართლეებიდან და პოლიციელებიდან დაწყებული ოლიგარქებით დამთავრებული“, –  ამბობს ექსპერტი მიხაილ პაშკინი „ვზგლიად.რუ“–სთან. „დედ ხასანს, როგორც ჩანს, მოსკოვში დაასაფლავებენ. ნათესავებს უნდოდათ ასლან უსოიანი თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაეკრძალათ“. ამ ინფორმაციის შემდეგ „გაზეტა.რუ“ წერს: „კუკიის სასაფლაოზეა დამარხული სტალინის პირველი ცოლი ეკატერინე ჯუღაშვილი. ზოგიერთი მონაცემებით, მანდვეა მიწას მიბარებული მხატვარი ნიკო ფიროსმანი, რომლის ნეშტიც დაკარგულია“.