სანიკიძე „ოდეერზე“: ეს დოკუმენტები შეიკვრება და პროკურატურაში წავა
„ოდეერი“ სრულიად მიუღებელია, მით უმეტეს საგანმანათლებო სისტემაში ეს სირცხვილია“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე.
როგორც მინისტრი ამბობს, ამჟამად განათლების სამინისტროში „ოდეერი“ არ არიან.
„2013 წელს, როდესაც სამინისტრო ჩავიბარეთ, „ოდეერის“ სისტემა ჯერ კიდევ არსებობდა. უნივერსიტეტში „ოდეერი“ იმ დროსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო. ლადო პაპავას კომენტარებსაც მოვუსმინე, როდესაც ამბობს, რომ, როცა 2013 წელს რექტორი გახდა, უნივერსიტეტში „ოდეერი“ დახვდა და მასთან ხელშეკრულება გააფორმა. ვისთან გააფორმა ხელშეკრულება? ეს სერიოზული საკითხია“, - აღნიშნავს თამარ სანიკიძე.
მინისტრის თქმით, შეიძლება შემდეგი რამ გაკეთდეს, პირველ ეტაპზე უნივერსიტეტში შიდა მოკვლევა ჩატარდეს, ინახოს საბუთები, ვისთან, რა დროს რა ხელშეკრულებები გაფორმდა.
„ეს დოკუმენტები შეიკვრება და პროკურატურაში წავა. დამერწმუნეთ, მივყვები ბოლომდე“, - განაცხადა სანიკიძემ.
თამარ სანიკიძესა და სტუდენტებს შორის შეხვედრა თსუ-ში 20:00-ზე დაიწყო.