საპატრიარქოს კლინიკის ყოფილი დირექტორი: სახელფასო დავალიანება ჩემს მისვლამდეც იყო

 
13 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა წერილი, რომელიც, სავარაუდოდ,  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს მისწერა. წერილში საქართველოს საპატრიარქოს განკარგვაში არსებულ ქონებაზეა საუბარი. საგულისხმოა, რომ დღეს გიორგი მამალაძემ ადვოკატებს დაუდასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ მან პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე სცადა . წერილში, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი მამალაძის დაწერილია, ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საპატრიარქოს კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისი თქმით, კლინიკაში ფინანსური შემოწმების შედეგად  5 მლნ ლარამდე დავალიანება აღმოჩნდა, „რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც, სავარაუდოდ, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ, არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება).“ - ნათქვამია წერილში. ამავე წერილის მიხედვით, ქორეპისკოპოსმა იაკობმა კატეგორიულად მოითხოვა არ გაეხმაურებინა აღნიშნული საკითხი. „ლიბერალი“ დაუკავშირდა ირაკლი სასანიას, რომელიც 2014 წლის აგვისტოდან  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი იყო და ამ თანამდებობას 2015 წლის ბოლომდე იკავებდა. მისი თქმით, სახელფასო დავალიანება მის მისვლამდეც არსებობდა (სასანიამდე დირექტორი ვახტან სურგულაძე იყო), ხოლო 5 მლნ ლარის დავალიანების შესახებ ინფორმაცია არ იცის, საიდან მოვიდა. „სახელფასო დავალიანება ყოველთვის არსებობს და სანამ მე მივიდოდი, იქამდეც იყო სახელფასო დავალიანება. იმიტომ, რომ ვერ ესწრება ხოლმე, როგორც იცით, სადაზღვევო კომპანიებიდან გადმორიცხვა. რაც შეეხება 5 მილიონთან დაკავშირებით, არ ვიცი, საიდან არის მოტანილი ეს რიცხვები. ერთი წელი ვიყავი დირექტორი და ჩემი მენჯმენტის პირობებში  შემოსავალი 62%-ით გაიზარდა კლინიკის. გაიხსნა 4 ახალი სერვისი. გაკეთდა სარემონტო სამუშაოები, მოპირკეთდა ტერიტორია და ა.შ. ორჯერ გაიზარდა პაციენტების დინება. მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს თუ შეხედავთ, ეს იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი კლინიკის.“ - ამბობს ირაკლი სასანია. მისი თქმით, კლინიკის დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, როცა კლინიკის მართვა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურმა შეითავსა. ირაკლი სასანია 2014 წლამდე მთაწმინდის პარკის დირექტორი იყო, იქამდე იაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი. ირაკლი სასანია ასევე 2012 წელს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პროგრამის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. ირაკლი სასანია ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის დეიდაშვილია. „ლიბერალი“ ასევე დაუკავშირდა ვატო სურგულაძეს, რომელიც კლინიკას 2014 წლამდე მართავდა. მისი თქმით, სახელფასო დავალიანება კლინიკას მისი მისვლის დროსაც ჰქონდა. ვატო სურგულაძე ამბობს, რომ კლინიკიდან ირაკლი სასანიას წასვლის შემდეგ აუდიტის ჩატარების შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.  „ირაკლი სასანია იყო ჩემს შემდეგ ორი წლის განმავლობაში, სახელფასო დავალიანება მე რომ მივედი, პრაქტიკულად, 6-წლიანი იყო. ჩემს შემდეგ იყო ირაკლი სასანია, შემდეგ მოვიდა მამა გიორგი მამალაძე, რომელსაც არც კი ვიცნობ და შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. აუდიტმა შეისწავლა, მე რომ ვყოფილიყავი შუაში, ალბათ, დამიბარებდნენ და მეტყოდნენ რამეს. მე არავის შევუწუხებივარ მას შემდეგ, რაც ის აუდიტი ჩატარდა, როცა ირაკლი სასანია წავიდა.“ - განუცხადა „ლიბერალს" ვატო სურგულაძემ.  „ლიბერალი“ დაუკავშირდა კლინიკის ადმინისტრაციას კლინიკის იურისტსა და ფინანსურ მენეჯერთან გასაუბრების მიზნით. აუდიტის შესახებ კონკრეტული შეკითხვების დასმა ამ მომენტისთვის ვერ შევძელით. მათ  კომენტარებს მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.  ამავე გამოცემის ცნობით,  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების ნაწილი ადასტურებს, რომ კლინიკას მათ მიმართ სახელფასო დავალიანება აქვს. როგორც რამდენიმე თანამშრომელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დავალიანება 2014-2016 წლებშია დაგროვილი.  მათივე განმარტებით, ნაწილს 4 თვის ხელფასი აქვს ასაღები, ნაწილს კი - 8 თვის.