საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ოთხეულში მოხვდა
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ისტორიული შედეგით დაასრულა. ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ცნობით, ქართველმა სპორტსმენებმა ტაილანდის 45:20 დამარცხების შემდეგ მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნაკრებს აშშ-ს ანგარიშით 45:38 მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა რეიტინგით მეოთხე ირანი ანგარიშით 45:37 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ნაკრებთან სამხრეთ კორეასთან 34:45 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი მოფარიკავეებმა ასევე ერთ-ერთ ლიდერთან უნგრეთთან მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 36:45 წააგეს.
საბოლოოდ, ქართველმა სპორტსმენებმა სანდრო ბაზაძემ, ბექა ბაზაძემ, მიხეილ მარდალეიშვილმა და ვაჟა რეჭიამ მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.