საქართველოს მთავრობა, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება პროპაგანდას ერთად ავრცელებენ - ოქსფორდის უნივერსიტეტი
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას ამოფარებული და მათი დაკვეთით მოქმედი კიბერშენაერთები სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციისა და კომპიუტერული პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობენ - ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები სამანტა ბრედშოუ და ფილიფ ჰოვარდი ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში წერენ.
ისინი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პროპაგანდას სამი წლის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს, აკვირდებოდნენ რა მთავრობებისა და მათ დაქვემდებარებული სააგენტოებისა და კერძო კომპანიების მოქმედებებს და დაასკვნეს: მსოფლიოს სამოცდაათ ქვეყანაში არსებობს, სულ მცირე, ერთი პოლიტიკური პარტია ან სამთავრობო სააგენტო, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პროპაგანდაზეა პასუხისმგებელი.
მკვლევართა აზრით, კიბერშენაერთები - უწყებები, რომელთაც მთავრობისგან ან პოლიტიკური პარტიებისგან ონლაინსივრცეში საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია აქვთ დავალებული, მსოფლიოს არაერთ პოლიტიკურ სისტემას არიან მოდებულნი. ისინი სოციალურ ქსელებს იყენებენ როგორც ხელსაყრელ მედიუმს მათი დამკვეთის პოლიტიკური ნარატივის გასატარებლად, რადგან ასე მათ საზოგადოების კონსენსუსამდე მიყვანა და მოწინააღმდეგეთა ჩახშობა მოწინააღმდეგეთა აზრის ჩახშობა ძალუძთ. ყოველივე ეს, ხშირად, საერთაშორისო ინსტიტუციების მიმართ უნდობლობის გავრცელებით მთავრდება.
გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ კომპიუტერული პროპაგანდა ინფორმაციის ციფრული ეკოსისტემის განუყოფელი, ყველგან არსებული ნაწილი გახდა. ეს შედეგი კი იმან გამოიწვია, რომ წლების განმავლობაში კიბერპროპაგანდაში ჩართული უწყებები საკმაოდ დაიხვეწნენ: რეპრესიებისთვის ისინი პოლიტიკურ ბოტებსა და ტროლებს იყენებენ, რაშიც მათ არაკანონიერად მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია და მიკროტარგეტირების სტრატეგია ეხმარებათ.
კვლევის შედეგები
ბრედშოუმ და ჰოვარდმა ხუთი დასკვნა გამოიტანეს, რომელთაგან თითოეული ცალკე ყურადღებას მოითხოვს.
პირველი - მკვლევრები სოციალურ ქსელებში ორგანიზებული პროპაგანდის გავრცელების მზარდ ტრენდს აღნიშნავენ: 2019 წელს, სოციალურ ქსელებში 70 ქვეყნის მთავრობა თუ პოლიტიკური პარტია ჩაერთო პროპაგანდულ საქმიანობაში, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 22-ით, ხოლო 2017 წლისას 42-ით აღემატება.
მეორე - მკვლევართა დასკვნით, ტოტალიტარული რეჟიმები თავიანთი პოლიტიკური ნარატივების გასატარებლად უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ სოციალურ ქსელებს. მსოფლიოს 26 ქვეყანაში ციფრულ პროპაგანდას, ძირითადად, სამი მიზნით იყენებენ: ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასათრგუნად, პოლიტიკური ოპონენტების სახელის გასატეხად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
მესამე - კვლევის ავტორები იმ გავლენაზე მიუთითებენ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კიბერპროპაგანდას მსოფლიოსთვის მოაქვს. დადგინდა, რომ 7 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, სოციალურ ქსელებს ტვიტერს და ფეისბუქს მსოფლიოში თავ-თავისი ინტერესების გასატარებლად იყენებს. ქართული საზოგადოებისთვის ამ დასკვნაში თითქოს არაფერია ახალი, რადგან ქართულ მედიაწყაროებში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს კიბერსივრცეში იჭრება.
მეოთხე - მკვლევრები ჩინეთის გამოღვიძებაზე აპელირებენ, რადგან ამ კომუნისტურმა ქვეყანამ, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი სოციალური ქსელების ჩახშობით იყო დაკავებული (Weibo, WeChat და QQ), ახლა უკვე მსოფლიო კიბერსივრცეშიც შეაღწია და საკუთარ პოლიტიკურ ნარატივებს იქაც ავრცელებს.
მეხუთე - კვლევის შედეგებით, ფეისბუქი უპირობო ლიდერად აღიარეს, რადგან მსოფლიოს 56 ქვეყანაში კიბერშენაერთები, გასაგები მიზეზების გამო, სწორედ ამ სოციალურ ქსელს იყენებენ.
კიბერპროპაგანდა საქართველოში
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ამ ყოველწლიურ კვლევაში საქართველო პირველად მოხვდა, რაც, ერთი მხრივ, სასიხარულოა, მეორე მხრივ კი, განსაკუთრებით საყურადღებო.
კვლევის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მკვლევრები ცდილობდნენ მონაცემები ორიგინალში, ანუ სწორედ იმ ენაზე გაეანალიზებინათ, რომელზეც პუბლიკაციები ქვეყნდებოდა. ამაში მათ ბიბისის სამონიტორინგო ჯგუფი დაეხმარა, რომელმაც, სათარჯიმნო სერვისების გარდა, მკვლევრებს ახალი მედიუმი შეუქმნა ცნობების მოსაპოვებლად.
მკვლევრებმა 2018 წელს საქართველოს კიბერსივრცეში მომხდარი მოვლენები ხუთ პუნქტად წარმოადგინეს:
საფრთხე საქართველოსთვის
საქართველო პირველად მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მთავრობები და პოლიტიკური პარტიები, საკუთარი პოლიტიკური ნარატივების გასატარებლად თუ ოპონენტების დასაშოშმინებლად, სოციალურ ქსელებს იყენებენ. ეს ფაქტი ნამდვილად არ მიუთითებს იმაზე, რომ 2018 წლამდე ქვეყანაში პროპაგანდა ონლაინსივრცეში არ ცირკულირებდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო კიბერუსაფრთხოების საკითხებში ჯერ კიდევ განუვითარებელია.
პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, საკმაოდ კომპლექსურია; მას ანალიზის ორი ვექტორი აქვს - შიდა და საგარეო. შიდა ვექტორის მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის საკმაოდ ცნობილმა მკვლევრებმა, რომლებიც, ძირითადად, კიბერუსაფრთხოების საკითხებს იკვლევენ, დაამტკიცეს - არსებობს სულ მცირე სამი ორგანო, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პროპაგანდაზე არიან პასუხისმგებელი, მათ შორის ერთი სამთავრობოა, ერთი კერძო და ერთი სამოქალაქო. როგორც ჩანს, მთავრობას უკომპრომისოდ სურს საკუთარი პოლიტიკის გატარება, რის გამოც ერთდროულად სამ სხვადასხვა ფრონტზე მოქმედებს.
განსაკუთრებით დასაფიქრებელია ანალიზის საგარეო ვექტორი. მკვლევართა შეფასებით, დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ასევე დიდი და ძლიერი მოთამაშეები არიან ონლაინსივრცეში, შიდა საზღვრებს გასცდნენ და საკუთარი პოლიტიკის გავრცელებას საერთაშორისო არენაზე შეუდგნენ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა რუსეთი, რომელიც საქართველოში რუსული პოლიტიკისთვის სასარგებლო ინფორმაციას საზოგადოებას, ძირითადად, ფეისბუქის საშუალებით აწვდის. კიბერპოლიტიკის ამ შედეგების ხილვა ყველაზე ნათლად აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შეიძლება, სადაც დღეს რუსეთის პოლიტიკას დე ფაქტო რეჟიმები ატარებენ.
ფეისბუქი საქართველოში კვლავაც ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რაც წყალს უდავოდ პროპაგანდისტების წისქვილზე ასხამს. აქ ორ განსხვავებულ ტრენდს ვაწყდებით: ერთი მხრივ, ფეისბუქი ორ მილიარდამდე მომხმარებელს აერთიანებს, რაც მას პროპაგანდის გასავრცელებლად იდეალურ მედიუმად აყალიბებს; მეორე მხრივ, ფეისბუქი, აცნობიერებს რა თავის როლს დღევანდელ საზოგადოებაში, არ დგამს საკმარის ნაბიჯებს პლატფორმის სივრციდან პროპაგანდის აღმოსაფხვრელად. ამის შესახებ მკვლევარი სამანტა ბრედშოუ „The New York Times”-თან საუბარში აცხადებს და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით ფეისბუქის ბიზნესმოდელი და ალგორითმები უნდა გადაიხედოს.
სამწუხაროა, რომ სანამ ფეისბუქში რამე ტიპის სტრუქტურულ ძვრებს ვიხილავთ, რომლებიც პროპაგანდას სერიოზულად შეერკინება, საქართველო და ქართველი ხალხი იდეოლოგიური პროპაგანდის ქარცეცხლში რჩება. ერთი მხრიდან ჩვენ ჩვენივე მთავრობა გვებრძვის, ხოლო მეორე მხრიდან - რუსეთი, რომელმაც საკუთარი ჰეგემონიური პოლიტიკის გასატარებლად ახლა უკვე ონლაინსივრცეშიც შეაბიჯა.