საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 86 ხმით 28-ის წინააღმდეგ გამოუცხადა.
„მე ხელს ვაწერ შესაბამის აქტს, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და იგი დანიშნავს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე. ამით მე მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო ახალი წელი, ახალი პრემიერ-მინისტრი" - თქვა რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
მთავრობაში, რომელსაც ნდობა პარლამენტმა გამოუცხადა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილი იკავებს. ახალ შემადგენლობაში მინისტრები იმავე თანამდებობებს ინარჩუნებენ, რომლებიც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომამდე ეკავათ, გარდა მიხეილ ჯანელიძისა, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
25 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 23 დეკემბერს დატოვა, რის გამოც, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, არსებულ კადრებს მოვალეობის შესრულება დაეკისრათ.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.