საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სოციალური მსახურება

 
  სახარების რწმენის ეკლესია საქართველოში 10, 000-მდე წევრს ითვლის და 40-მდე ხელდასხმული მსახური ჰყავს თბილისის, ოზურგეთის, ფოთის, სენაკის, ზუგდიდის, გორის, ზესტაფონის, სამტრედიის, ქუთაისისა და სხვა ქალაქებსა და სოფლების სამრევლოებში. ეკლესიას ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი ხელმძღვანელობს. ის სოციალურ მსახურებას ეკლესიის მისიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს: „ყველა საქმე, რასაც ვაკეთებთ, ეფუძნება იესოს ორ მთავარ მცნებას: გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. თვით ათი მცნებაც კი ორ ნაწილად იყოფა: მისი ერთი ნაწილი საუბრობს ადამიანის დამოკიდებულებაზე ღვთისადმი და მეორე ნაწილი ადამიანის მოვალეობაზე, პასუხისმგებლობაზე სხვა ადამიანების წინაშე... რასაკვირველია, ეკლესიის პირველადი ამოცანაა ღვთის სიტყვის ქადაგება, მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია საკმარისად მხოლოდ სიტყვის ქადაგება და მხოლოდ მორალური ნუგეში ადამიანებისა. როგორც მოციქული ამბობს, რა სარგებელი აქვს თუკი ვინმეს სიტყვით ვეტყვით - წადი, გათბი და ჭამე, რეალურად კი არაფერს მივცემთ?" ეპისკოპოსი ოლეგი ამბობს, რომ არავისთვის, ვისაც მათი ეკლესიის სხვადასხვა სოციალური პროექტებით დახმარება მიუღია, რწმენის შეცვლა არ უთხოვიათ. "ჩვენ არ ვისარგებლებთ იმით, რომ ადამიანს, რომელსაც რაღაც უჭირს და ამ საჭიროების მოგვარებაში ვეხმარებით, შემდეგ ამის სანაცვლოდ ის ჩვენი მრევლის წევრად ვაქციოთ. ეს მორალის საკითხია. გარდა ამისა, ასეთი მრევლის წევრები არავის ჭირდება. ადამიანი ეკლესიაში თავისი თავისუფალი არჩევანით უნდა მოდიოდეს". საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, რომელიც ადრე ფარულად სრულდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სახელმწიფოს მიერ პროტესტანტული მიმდინარეობების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება იყო. იმის შიშით, რომ სახელმწიფო მოხელეს ამ რელიგიური დაჯგუფების საქმიანობა არსად ენახა, ბევრი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმე აღუნუსხავი რჩებოდა. მაგ., ტუბერკულიოზით დაავადებულთა დისპანსერსა და ონკოლოგიურ საავადმყოფოებში ეკლესია წლების მანძილზე არაოფიციალურად მუშაობდა. გასული საუკუნის  80-იან წლებში ამ ეკლესიის შეწევნით ასევე იგზავნებოდა დახმარებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მაგალითად, ყაზახეთსა და ესტონეთში. 1989 წლის ცხრა აპრილს მოწამლულთათვის ეკლესიამ ფინანსური დახმარება გაიღო. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის წლებში ეკლესიის წევრებმა ბოლომდე გაითავისა დევნილთა მძიმე მდგომარეობა და მათ დასახმარებლად სახლებიდან გამოიტანეს ყველაფერი, რისი გამოტანაც შეეძლოთ. ეკლესია მჭიდროდ თანამშრომლობს ქუთაისის მოხუცთა თავშესაფართან. ასევე ბათუმში ეკლესია ინტენსიურად ეხმარება ხელმოკლე ოჯახებს. ბოდბის ბავშვთა თავშესაფრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში ამ ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის (კერძოდ, აღჭურვეს საყოფაცხოვრებო ტექნიკით: მაცივრებით, სარეცხი მანქანებით, წყლის გამათბობლებით). მარტყოფის ბავშვთა სახლის 12 აღსაზრდელს კი ეკლესიის რამდენიმე წევრი ეხმარება სხვადასხვა ხელობის დაუფლებაში და მათ მიერ დამზადებული ნაწარმის რეალიზებაში. 1992 წლის 10 ივნისს ოფიციალურად დაფუძნდა "სრულიად საქართველოს სახარების რწმენის ქრისტიანთა ასოციაცია", რომლის ბაზაზეც უფასო სასადილო გაიხსნა. 1996 წლამდე სასადილო ყოველდღიურად უმასპინძლდებოდა 300-ზე მეტ ხელმოკლე ადამიანს. ვისაც სასადილომდე ფიზიკურად მოსვლა არ შეეძლო, მათ ეკლესიის წევრები საკვები პროდუქტის სახლში მიტანით ემსახურებოდა. 1996 წელს სასადილო დაიხურა, მაგრამ 2006 წლამდე ამ ადამიანების მშრალი პროდუქტებით მომარაგება არ შეწყვეტილა. 1995-2000 წლებში ეკლესიას ჰუმანიტარული დახმარება შეჰქონდა მხედველობა დაქვეითებულ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატებში. 1999-2003 წლებში გახსნილი იყო კიდევ ერთი უფასო სასადილო, სადაც 20-მდე მარტოხელა მოქალაქე დადიოდა. აქ მათ ჰიგიენაზეც ზრუნავდნენ და ეკლესია მათ დაბადების დღეების მოკრძალებულად აღნიშნვაშიც ეხმარებოდა. ეკლესიას 30-მდე ქუჩის ბავშვზე ზრუნვაც აქვს საკუთარ თავზე აღებული. ისინი, მშობლების ნებართვით, სხვადასხვა გასართობ ცეტრში დაჰყავთ. უწყობენ სადღესასწაულო შეხვედრებს და გაკვეთილებს უტარებენ ზნეობრივი ცხოვრების წესის შესახებ. 2005 წელს ეკლესიამ გლდანი-ნაძალადევის მოხუცთა თავშესაფარი დიდი რაოდენობის მშრალი პროდუქტებით მოამარაგა. ამავე წლის მაისში ეკლესიამ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად მიიღო მონაწილეობა წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების საქმეში. 2005 წლის ნოემბერში შეუერთდა აქციას და ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა აჭარაში სტიქიური უბედურებებისაგან დაზარალებულთა ოჯახებისათვის. ეკლესია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ თბილისში გადმოყვანილ ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობას პირველსავე დღეებიდან გამოეხმაურა. ეკლესიამ პირველი დახმარება შეიტანა ლტოლვილებთან. ეს იყო სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები და 60 ლეიბი ზეწრებითურთ. თუმცა ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქცია: მათი პერმანენტული დახმარების მიზნით, ეკლესიამ ჩამოაყალიბა პატარა სამოქმედო ჯგუფები, რომელბიც სხვადასხვა სკოლებსა და ბაგა ბაღებში მყოფ დევნილებს ეხმარებოდნენ. ეკლესიის ორგანიზაცია ,,აღმოსავლეთ ევროპული მისია საქართველოში" 2003 წელს დაფუძნდა, მას ვიტალი ივანოვი ხელმძღვანელობს. მოხუცთა თავშესაფარს დაფუძნებიდან დღემდე 40-მდე ბენეფიციარი ჰყავს. თავიდან მოხუცთა დახმარება მშრალი პროდუქტების მათ საცხოვრებელ სახლებში მიტანით დაიწყეს, შემდეგ როცა დაინახეს სხვა საჭიროებაც, გახსნეს თავშესაფარი, რომელიც ეკლესიის ბაზაზე ფუნქციონირებს. მიაჩნიათ, რომ საქართველოში ეს პრობლემა ჯერ კიდევ არ იჭრება და მუშაობის გააქტიურებას გეგმავენ. ეკლესიის მიერ გახსნილი ეს თავშესაფარში ცხოვრობს 75 წლის ქალბატონი - ლერა ვოლკოვა. ის თავშესაფარში მოსვლამდე თბილისში მეტრომშენის დასახლებაში ცხოვრობდა. „ჩემმა შვილებმა ვალები აიღეს და მათი პრობლემების მოსაგვარებლად მომიწია ბინის გაყიდვა. გადავედით ქირით, შემდეგ ჩემი შვილი ბაქოში გაემგზავრა, სიძემ იქ ცხოვრების უფლება აღარ მომცა. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობდი ყოველმხრივ. მე ვარ რუსულენოვანი ორმოცდაათიანული ეკლესიის წევრი. ჩემმა მოძღვარმა სთხოვა ბ-ნ ვიტალის ჩემთვის საცხოვრებელი ადგილი მოეცა. სანამ აქ გადმოვიდოდი, ის მეხმარებოდა საკვები პროდუქტებით. აქ გადმოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილები ჩემს რჩენას ვეღარ ახერხებდნენ. მე შრომის უუნარო ვარ. თვალში სინათლე ძალიან დამაკლდა და დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს. აქ ყველა პირობა მაქვს ნორმალური არსებობისთვის, ჩემთვის გამოყოფილი ოთახიც კეთილმოწყობილია. გვაქვს საუკეთესო კვება... აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ამ თავშესაფარში ჩვენთვის გამოყოფილია აგრეთვე დიდი ფართის ოთახი, სადაც გვაქვს ტელევიზორი, ბიბლიოთეკა და ზოგადად კარგად მოსასვენებელი და საურთიერთობო გარემო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ყველა თაანამშრომელს". ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი ამბობს, რომ  ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია მიუღებლობა მათი ეკლესიის და ზოგადად განსხვავებული რელიგიური რწმენის მქონე ადამიანების მხრიდან განხორციელებული მსახურებისა: „ხალხი როცა გებულობს, რომ არ ვართ მართლმადიდებლები, უკვე მნიშვნელობა ეკარგება ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდე... მახსოვს 1990-იან წლებში საქართველოში ქართველი ხალხი როგორი მოწონებით ხვდებოდა ჩვენს რელიგიურ მსახურებას. მათ იცოდნენ, რომ არ ვიყავით მართლმადიდებლები, მაგრამ ვიყავით ქრისტიანები. ამგვარი კეთილგანწყობა, ალბათ, უკავშირდებოდა კომუნისტური რეჟიმისგან განთავისუფლებას, როცა ადამიანები სიმპათიას ავლენდნენ ზოგადად ყოველგვარი რელიგიური მსახურების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კონკრეტული კონფესიის ადამიანები ანხორციელებდნენ ამ მსახურებას. მაგრამ შემდგომში, სამწუხაროდ, დამოკიდებულება იცვლება. ეს ის პერიოდია, როცა ხალხმა აქტიურად დაიწყო სიარული ეკლესიაში (მართლმადიდებელ ეკლესიაში) და იქ მიიღეს პასუხი კითხვაზე: ვინ ვართ ჩვენ? როცა ქვეყნის დომინანტი ეკლესიის ტაძრების ამბიონებიდან ჩვენ შესახებ ადამიანებს ასწავლიან, რომ მტრები ვართ მართლმადიდებლების და ქართველი ხალხის, ბუნებრივია, რაც არ უნდა ძლიერი და უანგარო იყოს შენი სოციალური საქმიანობა, ხალხი მაინც ეჭვის თვალით გიყურებს. ეს კი ძალიან დასანანია... მე თუ ჩემს მრევლს ის ვუქადაგე, რომ მართლმადიდებლები ჩვენი მტრები არიან, მათაც იგივე აგრესია გაუჩნდებათ. ასე კი ვერ ავაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს და ჰუმანურ საზოგადოებას. ჩვენ მართლმადიდებლებს ქრისტესმიერ ძმებს ვუწოდებთ".