საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 23 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 -2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. მხარეები ვალდებულებას იღებენ, ითანამშრომლონ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით.
„დოკუმენტის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე- კომპეტენტური ორგანოების ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.
საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
პირველი ეტაპი გულისხმობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი რღვევა ან ჩამოშლა და უზრუნველყოფილ იქნას მათი ყოველმხრივი სტაბილურობა; ეს ძეგლები უნდა შეფასდეს ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
მეორე ეტაპი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე წარმოებულ სამუშაოებთან მიმართებაში მხარეებს აქვთ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები;
მესამე ეტაპის მიხედვით კი, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია, მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში.
კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები დაამტკიცებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას;
მხარეები, ასევე იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუქები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში.
ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე მხარეები წინასწარ აუცილებლად აწარმოებენ ძეგლების კომპლექსურ (არქეოლოგიურ, გეოლოგიურ, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციულ) კვლევებს, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, აღნიშნული კვლევების პროცესში, უზრუნველყონ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა“ - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.