სასამართლომ რუსთავის მერიის მხრიდან კათოლიკე ეკლესიის დისკრიმინაცია დაადგინა
სასამართლომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ რელიგიური ნიშნით კათოლიკე ეკლესიის დისკრიმინაცია დაადგინა.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელ ეთო გვრიტიშვილის თქმით, EMC-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდა.
„სასამართლომ ქალაქის მერის სახალხო დამცველისთვის მიცემული განმარტება, რომ „კათოლიკე ეკლესიას არ ჰყავს მრევლი", ასევე ის გარემოება, რომ 3 წლის განმავლობაში კათოლიკე ეკლესიის არც ერთ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა ( 2013 წლის შემდეგ დღემდე მერიას კათოლიკე ეკლესიის არც ერთ განცხადებაზე პასუხი არ გაუცია), ხოლო მართლმადიდებელი მრევლის მიერ განცხადების შეტანის შემდეგ, რომლითაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ რუსთავში კათოლიკე ეკლესიის მშენებლობას, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მალევე გამართა ადმინისტრაციული სხდომა და მასზე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მოიწვია, რის მიზეზადაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა „მართლმადიდებლური მოსახლეობის აზრის მოსმენა და მათში წინააღმდეგობის გამოწვევის საკითხის გარკვევა დაასახელა", ეს და სხვა მრავალი მსგავსი გარემოებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისგან დისკრიმინაციული მოპყრობის დასადგენად" - ამბობს გვრიტიშვილი.
2013 წელს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ რუსთავის მერიას მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია ამის გამო, კათოლიკე თემმა 2014 წელს საქმე სასამართლოში შეიტანა.
ეთო გვრიტიშვილის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ რამდენადაც მერიამ პასუხი არ გასცა კათოლიკე ადმინისტრაციას, სამშენებლო სამართალში მოქმედი პრინციპის თანახმად, - „დუმილი თანხმობის ნიშანია“, - მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვალა.
ამის მიუხედავად, მერიამ სამშენებლო სანებართვო მოწმობა მაინც არ გასცა და კათოლიკე თემს რუსთავის პერიფერიაში არსებული მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რაზეც კათოლიკეები არ დასთანხმდნენ.
„უარის მთავარი მიზეზი ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის წინააღმდეგობა იყო. 2015 წლის დეკემბერში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საკრებულოს წევრები და მართლმადიდებელი სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას“ - ამბობს ეთო გვრიტიშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის უარი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ლოიალობით იყო განპირობებული, ამიტომ, 2015 წლის ნოემბერში EMC-მ დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად, ასევე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გასაცემად სასამართლოში სარჩელი შეიტანა.