სასამართლო: ანა დოლიძის განცხადებები მისი მიუკერძოებლობის ეჭვს ბადებდა

 
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.  როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, „მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა 2018 წლის 6,7,8 თებერვალს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესიდან 14 მოსამართლის მიერ გაცხადებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის აცილების თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებების კანონიერების საკითხი.  საქმე ეხება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის მხრიდან საჯარო სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებს მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის მიმართ. აღნიშნული, კონკურსში მონაწილე 14 მოსამართლის მიერ მიჩნეულ იქნა მოსარჩელის მხრიდან წინასწარ ჩამოყალიბებულ და გაცხადებულ პოზიციად, რაც გახდა ანა დოლიძის აცილების თაობაზე მოსამართლეთა შუამდგომლობის საფუძველი, რომელიც დაკმაყოფილდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.  საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გავრცელებული განცხადებები ობიექტურ დამკვირვებელს უჩენდა საფუძვლიან ეჭვს ანა დოლიძის მიუკერძოებლობაში, ხოლო სადავო გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში იყო ორგანულ კანონთან „საერთო სასამართლოების შესახებ’’, ასევე სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობასთან".  თავად მოსარჩელის, ანა დოლიძის, თქმით, კი - „აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას, რომ ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის შეიძლება,  ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. მე ვაპირებ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში, რადგან არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის საბჭოს წევრი დასაჯონ და ჩამოაცილონ თავისი ფუნქციების განხორციელებას".