სასამართლო „ფილიპ მორისის" საქმეზე: დაირღვა კონკურენციის კანონის მოთხოვნები
თბილისის საქალაქო სასამართლო შპს „ფილიპ მორის საქართველოს" საქმეზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ დაირღვა „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნები, რაც განპირობებულია არა ერთი რომელიმე ცალკე აღებული მტკიცებულებით, არამედ არსებულ ყველა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად.
სასამართლოს თქმით, ამავე მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს ბაზრის კონკრეტულ სეგმენტში უკავია დომინირებული მდგომარეობა.
„რაც შეეხება დემპინგის კანონმდებლობის არარსებობას, სასამართლო განმარტავს, რომ დემპინგი წარმოადგენს საერთაშორისო ტერმინს, რომელიც თარგმნისას გულისხმობს კონკურენტების განდევნის მიზნით, საქონლის, მომსახურების გაყიდვა/შეთავაზებას ხელოვნურად შემცირებული ფასებით. „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-6-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ კრძალავს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების დადგენას, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს დემპინგური ანუ არასამართლიანი, ხელოვნურად შემცირებული ფასების მცნებას და ამგვარი ქმედების განხორციელებისათვის აწესებს სათანადო პასუხისმგებლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი“ არ შეიცავს დათქმას, რომლის თანახმადაც მისი ნორმების გამოყენება აკრძალულია კერძო სამართლის სუბიექტებს შორის არსებული დავის გადაწყვეტისას.
სასამართლომ ზიანის მოცულობის განსაზღვრისას, მათ შორის, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, რომლის თანახმადაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
სასამართლო მოუწოდებს საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო და გადამეტებული კრიტიკისაგან, ვინაიდან გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში და დიდი ალბათობით გასაჩივრდება ორივე ინსტანციაში. ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ემსახურება ერთ-ერთი მხარის სასურველი განწყობის შექმნას, ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებზე ზეწოლის მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, სასამართლო/მოსამართლეზე მსგავსი მიზანმიმართული შეტევა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უფრო აქტიურად დაიცვას თავისი პოზიცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კანონსა და ანალოგიურ დავებთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოების პრაქტიკასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ფილიპ მორისს" „თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ 93 მილიონ ლარამდე ანაზღაურება დაეკისრა.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი არასაკმარისი არგუმენტაცია, დავის დაჩქარებული წესითა და შესაძლო პროცედურული დარღვევებით განხილვა წარმოშობს ლეგიტიმურ კითხვებს საქმის ობიექტურ განხილვასთან დაკავშირებით და ამყარებს ეჭვებს სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.