სასამართლო რეფორმა - ზაზუნა პლასტმასის ბორბალში
სასამართლოს პრობლემებზე ჩვენზე გაცილებით დემოკრატიულ ქვეყნებშიც ლაპარაკობენ. აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. აღმოსავლეთ ევროპაში მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს შორის მიმდინარე მრავალწლიანი კონფლიქტი აუცილებლად მოხვდებოდა ყველაზე პასიური მკითხველის ყურადღების ცენტრშიც კი. საქართველოს სასამართლოებიც არ არის გამონაკლისი და სხვადასხვა დროს მეტ-ნაკლები ინტენსივობით შეგვახსენებს თავს ეს თემა არასამთავრობოების, სასამართლო განხილვის მონაწილეებისა და პოლიტიკოსების გამოსვლებში.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დაწერო სასამართლოზე კიდევ ერთი სტატია, როცა უკვე ამდენი დაიწერა? როცა მიუხედავად სასამართლო რეფორმებისა, ინსტიტუტის მიმართ ნდობა მაინც დაბალი რჩება? როცა პოსტკოლონიური სინდრომი იმდენად ძლიერია, რომ უკვე 30 წელია დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობ, მაგრამ არც კი ელი სახელმწიფოსგან სამართლიანობას? როცა სამართლიანობის ძირითად პრინციპებზე არ არსებობს შეთანხმება - ერთისთვის სამართლიანია ძლიერის გამარჯვება, მეორე კი მხოლოდ საკუთარ გამარჯვებას აღიარებს სიკეთედ?
არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ დილას, როდესაც ფეისბუქზე მთავარ ნიუსად ამომიხტა “სააკაშვილის სასამართლოზე შუქი ჩაქრა” და მასთან ერთად გვერდი “მინდა ვენდო სასამართლოს” - გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა. ამჯერად შორიდან შემეხედა პროცესებისათვის, რაც დღეს სასამართლოს შესახებ დისკუსიას განაპირობებს. დავიწყოთ მთავარი კითხვიდან: საერთოდ რაში გვჭირდება სასამართლო?
სასამართლოს გარეშე
გიფიქრიათ, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების უდიდესი ნაწილი კანონის მიღმა რჩება? მცირე დავები, კინკლაობა, შეთანხმებები, დაპირებები... ეს ყველაფერი შეიძლება კანონითაც რეგულირდებოდეს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ასეთი პრობლემების ავტონომიურ მოგვარებას და არ თვლიან, რომ მომრიგებლად სასამართლოები უნდა ჩარიონ.
მაშ რისთვის არსებობს სასამართლო? - რა აიძულებს ადამიანებს მიმართონ სასამართლოს? კონტრაქტის სიძვირე? არა - ძვირიანი კონტრაქტების უდიდესი ნაწილი კერძო არბიტრაჟებითა და მედიაციით გვარდება და ასეთ საქმეებში მოსამართლის ჩარევა არავის უნდა.
საქმის პოლიტიკური სიმძაფრე? - რა თქმა უნდა, არა. ასეთი საქმეები ყოველთვის კანონის მიღმა „ირჩევა“ და მის „გარჩევაში“ მეტი ალბათობით პატრიარქს, რომელიმე მდიდარი ბიზნესმენის დაცვის უფროსს ან საქმის გამრჩევ კრიმინალს ჩართავენ, ვიდრე მოსამართლეს.
სასამართლოს განსახილველი საქმეების სია ძალიან მცირეა და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სახელმწიფო გარკვეულ ქცევას იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სურს, მხოლოდ თვითონ ჰქონდეს კონტროლი ასეთ საქმეებზე და გვაიძულებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთი საქმეებია სისხლის სამართლის დანაშაულები, სახელმწიფოს მიერ 1984 წელს დადგენილი და მერე მრავალგზის გადაწერილი „სწორი ქცევის წესების“ დარღვევა და ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახური საკითხები.
დავთვალოთ სტატისტიკა (დამნაშავეები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) და აღმოვაჩენთ, რომ სასამართლო ჩვენი ამომრჩევლის (3.7 მილიონი) მხოლოდ 10-15%-ს ეხება და აქაც უდიდესი ნაწილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევებზე მოდის.
ანუ, აქვე რომ მოკლე დასკვნა გავაკეთოთ, თუ სისხლის სამართლის პროცესი სამართლიანი იქნება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვა გამოსწორდება, თუ 10% კმაყოფილი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის უდიდესი ნაწილი გაკეთებულად ჩაითვლება.
სამართლიანი სასამართლოს მოზაიკა
რა უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს?
ძველი და მივიწყებული რეცეპტები
სამართლიანი სასამართლოს შექმნა შესაძლებელია. უსამართლობა ყოველთვის იქნება, მაგრამ უფრო გამონაკლისის სახით. რა არის ამისთვის საჭირო?
ჯადოქრობის იმედად ვერ ვიქნებით და ვერც რამე ერთი ზომა შექმნის სამართლიანობის წინაპირობას. „დამოუკიდებელ მოსამართლეზე“ ლაპარაკი ხაფანგია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ნიჰილიზმი და ჩიხი. დამოუკიდებელი მოსამართლე მარტო „კარგი ტიპი“ არ არის, შესაბამის ინსტიტუციურ გარემოშიც უნდა იყოს. ყველა ეს გაკვეთილი რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე ნასწავლი გვაქვს, მაგრამ რატომღაც ვივიწყებთ და ხელახლა ვცდილობთ შეცდომების გამეორებას.
მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა გვიჩვენა, რომ სასამართლოს შიგნით შეიქმნა კონსოლიდირებული ჯგუფი, რომელიც, თუ მოინდომებს, შეძლებს ყველა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას. სისტემა ჩაკეტილია და ამგვარ ზეწოლაზე ვერაფერს გავიგებთ, თუ ეს ჯგუფი სახელმწიფოსთან მჭიდრო ალიანსს შექმნის. თუმცა, ასეთი კონსოლიდაცია მაშინაც მოსალოდნელი იყო, როცა მოსამართლეების გრძელვადიან დანიშვნებს ვუჭერდით მხარს და ამგვარი განვითარება ერთ-ერთი რისკია, რასაც დამატებითი ზომებით უნდა ვუპასუხოთ. სწორედ ამ ზომებზე ფოკუსირება მგონია ახლა ყველაზე სწორი, რადგან სახელმწიფოში, სადაც საახალწლო სუფრაზე ჩხუბობენ პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლები და სადაც მნიშვნელოვან სასამართლო საქმეზე შუქი ქრება, ცოტა მიამიტურია ერთი სამიზნე აირჩიო და იფიქრო, რომ ერთი გასაღები საკმარისი იქნება საუკუნეების მანძილზე ჩარაზული კარის გასახსნელად.
გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი