„საზმაუს“ რეფორმა, ანუ როგორ გადაურჩა თბილისის მოსახლეობა გასახლებას
კომპანიის რეფორმირება ურთულესი საქმეა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, უკვე ჰაერში მყოფი თვითმფრინავის რემონტი რომ წამოიწყო. რატომ ჰაერში?.. იმიტომ, რომ თვითმფრინავის დასმა კომპანიისთვის ბიზნესიდან გასვლის ტოლფასი იქნება. თანამედროვე ბიზნესსამყაროში გამოთავისუფლებულ ადგილს მყისიერად სხვა იკავებს და შემდეგ უკან დაბრუნება ძალიან რთულია, ზოგჯერ - შეუძლებელიც კი.
ეს საქმიანობის ყველა სფეროს ეხება. ამ მხრივ არც მედიაბიზნესია გამონაკლისი.
ორგანიზაციის რეფორმირებას თავისი ალგორითმი და წესები აქვს, რასაც ჯერ ცოდნა სჭირდება, მერე გამოცდილება, ბოლოს რეალური რეფორმის გატარების კეთილი ნება.
ამ მხრივ, საფუძვლიან ეჭვს იწვევს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი მენეჯმენტის გაცხადებული გეგმა, დახურონ ყველა გადაცემა „მოამბის“ გარდა, მინიმუმ ერთი წლით (რეალურად კი ორწლინახევრით, იხ. სლაიდი), ფაქტობრივად შეაჩერონ მაუწყებლობა, რათა შემდეგ ერთბაშად გახდნენ საქართველოს მედიაბაზრის ლიდერი (!).
კიდევ კარგი, ვასილ მაღლაფერიძე თბილისის მერად არ დანიშნეს, თორემ ამ ლოგიკით იტყოდა: ქალაქის კეთილმოწყობის ჩემს გეგმებს მოსახლეობა უშლის ხელს და ამიტომ დროებით ყველა ერთიანად სადმე გავასახლოთო. მაგრად ვართ გადარჩენილი თბილისელები!
ამგვარი არაკვალიფიციური თუ მანიპულაციური მიდგომის არაერთი ილუსტრაცია შეიძლება მოვიყვანოთ ამ ბოლო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორატის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან:
მათი გეგმის მიხედვით, თურმე ისინი ტელეკომპანიის მართვის ახალი მოდელის დამკვიდრებას მხოლოდ ორი წლის შემდეგ აპირებენ! ანუ ამ ადამიანებმა საერთოდ არ იციან, რომ მათი უპირველესი ფუნქცია სწორედ პირველივე დღიდან მართვის სისტემის ეტაპობრივი შეცვლაა, იმიტომ, რომ სწორედ ეს სისტემა განაპირობებს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც რეფორმატორთა ჯგუფს უნდა გააჩნდეს.
სამწუხაროდ, ესეც თამაშია, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და გნებავთ - ბლეფი: იმისათვის, რომ ასეთი პროექტი დაიდოს, საჭიროა, როგორც მინიმუმ, საკმარისი ადამიანური რესურსები, დრო და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ ყველა ინფორმაციაზე ისეთივე წვდომა, როგორც ეს ვასილ მაღლაფერიძესა და მის გუნდს აქვთ. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი მენეჯმენტი ვინმეს ამის საშუალებას მისცემს და შემუშავდება ალტერნატიული პროგრამა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ვასილ მაღლაფერიძე და მისი გუნდი უნდა წავიდეს, როგორც უვარგისი, ხოლო რეფორმა უნდა ჩაატაროს იმ გუნდმა, რომელმაც უკეთესი პროგრამა შეიმუშავა. სხვანაირად მართვის საქმეში ეს არ ხდება. ვინმეს სჯერა, რომ ბატონი ვასილი თავისი ხელით მოჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის?
როგორც ვხედავთ, ასეთი „მენეჯერების“ ხელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არათუ რეფორმა, მისი არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი „რეფორმატორთა“ გუნდის შეცვლაა ახალი გუნდით, რომელიც წარადგენს ქმედითუნარიან პროგრამას და გააკეთებს პროფესიონალურ არგუმენტირებას, რატომ არის ის შესრულებადი.
ლევან ფესვიანიძე
ბიზნესმენი, DBA (ბიზნესის მართვის დოქტორი)