სერგეენკო მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე: სახელმწიფოს 4 639 234 ლარის ზიანი მიადგა

 
„ეს მართლაც საქვეყნო რისკი იყო. ვფიქრობ, ამ ნაბიჯით სააფთიაქო ნარკომანია საბოლოოდ იქნება დაძლეული, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობისთვის 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირის დაკავებას. „გამოიკვეთა გარკვეული თაღლითური სქემა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ რეგულირების სააგენტო გარკვეული პერიოდულობით მართავდა მონიტორინგს და გარკვეულ შემთხვევებში უწერდა მათ ჯარიმას, ეს ადამიანები არ იხდიდნენ ამ ჯარიმას, იმავე მისამართზე, იმავე ქონებას არეგისტირებდნენ როგორც სხვა შპს-ს თავიანთი ნდობით აღჭურვილ ადამიანებზე და განაგრძობდნენ იმავე საქმიანობას", - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის თქმით, ყოველივე ამის შედეგი იყო ის, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ტაბლეტირებული სეგმენტი გახდა ძალიან დიდი საფრთხე ახალგაზრდებისთვის. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობისთვის 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი დააკავა. სამსახურის ინფორმაციით, ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათ ბრალი ედებათ  თვალთმაქცური გარიგების გზით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდებაში. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის IV ნაწილით და II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რათა გამოვლენილ იქნას სხვა ორაგანიზებული ჯგუფები და აღიკვეთოს მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით" - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშო.