„სერიოზულად ვფიქრობ, ვიჩივლო კიბერბულინგის გამო"- ლია გიგაურის და ბრალდებებს პასუხობს
„სერიოზულად ვფიქრობ, ვიჩივლო კიბერბულინგის გამო, აუცილებლად მასალები დამჭირდება კიბერბულიგთან დაკავშირებით: ვინ რას აკეთებდა, რას ტვირთავდა; ჩემი ექაუნთი გამოიყენა. მე დავინტერესდები, გუგლსაც მივწერ, ბოლომდე ჩავყვები. ახლა მოუნდათ, რადგან ჩემი და თანამდებობის პირია?! ფანტაზიასაც ხომ აქვს საზღვარი“, - ასე უპასუხა განათლების მინისტრის მოადგილის დამ, ლალი გიგაურმა „ლიბერალს“ სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმში მოყვანილი ინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვებს.
„დიოგენეს" საჩივარი სამინისტროს - რა კავშირი აქვს გიგაურის დას გრიფირების კონკურსთან
მისი თქმით, მას არ უმუშავია სახელმძღვანელოზე. კითხვას შეთანხმების დოკუმენტის შესახებ კი ასე უპასუხა: „შეიძლება ვიღაცამ სპეციალურად გააყალბა, ვისაც წვდომა ჰქონდა დრაივზე“, - ამბობს ლალი გიგაური.
რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არ ის მე-5, მე-6 კლასის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელოების კონკურსზე წარდგენილი განაცხადების რეცენზენტი, უპასუხა, რომ არ ყოფილა და ასევე, მას არ აუტვირთავს გუგლდრაივში ის დოკუმენტები, რომლებიც სტუდია „მონიტორის“ ფილმშია ასახული.
სტუდია „მონიტორმა“ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.
ამავე ფილმის მიხედვით, ლია გიგაურის დას, ლალი გიგაურს წვდომა ჰქონდა ინფორმაციაზე, რომელიც კანონმდებლობით კონფიდენციალურია.
გრიფირების კონკურსის ბოლო ეტაპზე სწორედ ის წიგნი გადავიდა, რომლის მომზადებაშიც, სავარაუდოდ, ლალი გიგაურია ჩართული, თუმცა სახელმძღვანელოს ჯერ გრიფი მინიჭებული არ აქვს, რადგან გამომცემლობა „დიოგენემ" გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
თამარ ლებანიძის თქმით, თუ აპელაცია არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს, მაშინ სასამართლოს მიმართავენ.
მისივე თქმით, მან სამინისტროში ყველა ის მტკიცებულება წარადგინა, რაც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ლალი გიგაური, ერთი მხრივ, მონაწილეობდა სახელმძღვანელოს შექმნაში, მეორე მხრივ კი, „დიოგენეს“ მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს რეცენზენტი იყო.