შალვა ნათელაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

 
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის შობა-ახალი წლის ყველაზე კარგი მილოცვა მისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩართვა იქნებოდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მიიღო.  „ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს უკანასკნელი არჩევნები ბანკირი ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, მე, როგორც ყოველთვის, ვიღებ პასუხისმგებლობას, და ჩემი ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად ვაცხადებ, რომ ვიწყებ ბრძოლას საქართველოს პრეზიდენტობისთვის“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ნათელაშვილის თქმით, ის შეძლებს ქვეყანაში ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებას და დემოკრატიის აღდგენას. „მზად ვარ, დავასრულო ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი, განვდევნო ისინი პოლიტიკიდან. მე მზად ვარ, დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, კანონიერება, სამართლიანობა, თანასწორობა. მზად ვარ, მოვუტანო უმუშევარს სამსახური, პენსიონერს ღირსეული პენსია, ახალგაზრდას განათლება, ავადმყოფს წამალი და ეს ფურცელი ისე გადავშალო და მოვიცილო ისტორიიდან, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს არაერთხელ გაუკეთებიათ“, - თქვა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.  საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პირველია, ვინც მასში მონაწილეობაზე სურვილი ოფიციალურად გამოთქვა.