შარაშენიძე: თუ „ოცნებაში“ კრიზისი იქნება, გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი უდუმაშვილს აქვს

 
GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, თბილისის მერის არჩევნებში ზაალ უდუმაშვილს რეალური შანსი მაშინ ექნება, თუ „ქართულ ოცნებაში“ შეიქმნება სერიოზული კრიზისი.  „ცნობადობა აქვს ბუნებრივია, ეს არის მისი ყველზე დიდი პლუსი. წესით ის ისეთ აგრესიას არ უნდა იწვევდეს, რომელსაც ჯერ კიდევ იწვევს „ნაციონალური მოძრაობა". უდუმაშვილს პოზიტივი მეტი აქვს, ვიდრე ნეგატივი. შეიძლება, მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ საქართველოში ამას დიდად არ უყურებენ, მთავარია, ცნობადი სახე იყოს. ამის მაგალითია კალაძე. მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ წარმატებას მიაღწია. რაც შეეხება უდუმაშვილის გამარჯვების შანსებს, ის ჩემი აზრით, დაბალია, მას შანსი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ „ქართულ ოცნებაში“ იქნება რაღაც სერიოზული კრიზისი. ასეთ შემთხვევაში გამარჯვების შანსი ყველაზე მეტად უდუმაშვილს აქვს, რადგან მას აქვს მისი პირადი ცნობადობა, პოზიტივი და მეორე - ის რესურსი რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხოლო სააკაშვილის ფაქტორს რაც შეეხება, სააკაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, თბილისში ისე ვერ მუშაობს, როგორც რეგიონებში, მაგრამ მას თბილისშიც აქვს რაღაც გავლენა", - ამბობს თორნიკე შარაშენიძე. „კურიერის" მთავარი გამოშვების წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი გუშინ მაყურებელს დაემშვიდობა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. მას თბილისის მერობის კანდიდატობა სურს. „ეს არის ჩემი ბოლო მამართვა მაყურებლისადმი, როგორც „კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ“,- განაცხდა მან „კურიერის“ ეთერში.