შარვაშიძე: თსუ-ის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობას უახლოეს დღეებში დავიწყებთ
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
გიორგი შარვაშიძე ამბობს, რომ სტრატეგიული გეგმა იმ კონცეპტუალურ გეგმას დაეყრდნობა, რომელიც აკადემიურმა საბჭომ მოიწონა. მისი თქმით, სტრატეგიული განვითარების გეგმაზე სამუშაოდ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართვა აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წარმომადგენლებს შეეძლებათ. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება და სამ თვეში დასრულდება.
დღეს, თსუ-ში გამართულ ბრიფინგზე გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) პროფესორი ნუნუ ოვსიანიკოვა წარადგინა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა საარჩევნო ციკლი, უნივერსიტეტს უკვე ჰყავს გაფართოებული აკადემიური საბჭო (36 წევრი) და წარმომადგენლობითი საბჭო (72 წევრი), რომელმაც 30 სექტემბერს კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) თანამდებობაზე აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული პროფესორ ნუნუ ოვსიანიკოვას კანდიდატურა დაამტკიცა. აკადემიურმა საბჭომ კი თსუ-ის რექტორად გიორგი შარვაშიძე 23 სექტემბერს აირჩია.