შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციის საქმე - რევაზ ხოფერიას სამართლებრივი შეფასება

 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით აუკრძალა. უნივერისტეტის შეფასებით, საბჭოს მიერ უმაღლესი სასწავლებლისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილება უსამართლო და არგუმენტმოკლებულია. უნივერსიტეტის სტუდენტებმა საბჭოს გადაწყვეტილება აქციებით გააპროტესტეს.  "2018 წლის 20 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აუკრძალა სტუდენტების მიღება ერთი წლის ვადით.  20 აგვისტოს მინდოდა გამომექვეყნებინა იურიდიული შეფასება, თუმცა, თავი შევიკავე ორი მიზეზის გამო:  ჩემი შეფასება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურისტების მიერ და [უკეთესად] „დაასაბუთებდნენ“ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საზიანოდ.  შეფასებას დავყოფ სამ ნაწილად:  1. მოსაზრების წარდგენის უფლების შეზღუდვა  ნორმის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს [შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს], რომლის უფლებაც იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით [საბჭოს გადაწყვეტილება სტუდენტთა მიღების ერთი წლით აკრძალვის შესახებ], უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, სწორედ ამ სავარაუდო გადაწყვეტილებაზე ემსჯელა.  მოსაზრების წარდგენის უფლება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ ფორმალურად. უფლების განხორციელება უნდა იყოს ეფექტიანი. მსჯელობა უნდა ეხებოდეს სავარაუდო გადაწყვეტილებას. ეს მსჯელობა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც არის გამყარებული: რეგლამენტირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპს განეკუთვნება, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომელთა უფლებასაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პრინციპი ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. იგივე წესია მოცემული ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. კერძოდ, 32-ე მუხლის თანახმად: თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები. ეს ნიშნავს, რომ საბჭოს წევრის, აგრეთვე, ექსპერტის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის მოსაზრებები უნდა ითქვას საჯაროდ - უნივერსიტეტის წარმომადგენლების თანდასწრებით, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი დისკუსია და საკუთარი მოსაზრების წარდგენა.  იყო თუ არა 20 აგვისტოს ჩატარებული სხდომა საჯარო? არა. სხდომაზე გამოცხადდა „შესვენება“ და დამსწრე პირებს გვთხოვეს სხდომის დარბაზის დატოვება: [ საბჭოს სხდომაზე 15:50 საათზე გამოცხადდა შესვენება. სხდომა განახლდა 16:50 საათზე.] ეს ოქმის ჩანაწერია. იქვე ვხვდებით ასეთ ჩანაწერს: [ საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს ჰქონდათ ხანგრძლივი დისკუსია ...] ე.ი. საბჭოზე გამოცხადდა „შესვენება“, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომის დარბაზი და ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, მსჯელობა, რაც გაგრძელდა ერთი საათის განმავლობაში.  ეს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაშვებული ძალიან მძიმე ხარვეზია. თქვენ შეგიძლიათ არც კი წაიკითხოთ ჩემი შეფასების შემდეგი ნაწილი, რადგან მხოლოდ აღნიშნულის გამო გააუქმებს [ბათილად ცნობს] სასამართლო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ასე წერია კანონში და ასეთია სასამართლო პრაქტიკაც. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 (1) მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. 32-ე მუხლში წერია ეს:  თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 28-ე მუხლით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევა არ გვაქვს. ამიტომ, ცალსახა და მძიმე დარღვევაა.  როგორ უნდა დამტკიცდეს ფორმალურად, რომ „შესვენებაზე“ განიხილებოდა უნივერსიტეტის საკითხები? სხდომის ოქმით და საბჭოს წევრთა მოწმედ დაბარებით. სასამართლოს სხდომაზე ტყუილს არავინ იტყვის - სისხლის სამართლის საქმეში შეიძლება გადაიზარდოს.  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ანუ, მარტო იურიდიული საფუძვლები კი არა, ფაქტების შეფასებაც უნდა იყოს მოცემული ამ გადაწყვეტილებაში. მაგრამ, არ წერია. როგორ ფიქრობთ, რატომ? სიზარმაცის გამო. გადაწყვეტილების დასაბუთებას ხომ დრო, ფიქრი, მსჯელობა, ინტერესების ურთიერთშეპირისპირება სჭირდება. ამიტომ, საქმის გამარტივების მიზნით, გადაწყვეტილებაში მითითებულია: შეიძლება თუ არა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის „განუყოფელი ნაწილი“ იყოს სხდომის ოქმი [საუბრის ჩანაწერი]? ცხადია, არა.  ექსპერტები ასევე აღნიშნავენ: წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, უნივერსიტეტის საერთო ბიუჯეტი შემოსავლის 2017-2018 წლებში შეადგენს 7,603,750 ლარს, მაშინ როდესაც საერთო განსაზღვრული დანახარჯი შეადგენს 7,341,344 ლარს. სწავლის საფასური; სახელმწიფო გრანტი; TOEFL საგამოცდო ცენტრი; IBSU-ს ტრენინგ ცენტრი / მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პროგრამები; კონფერენციები - საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის საფასური; საერთაშორისო და ეროვნული პროექტები და სამეცნიერო გრანტები. იმავე აკადემიური წლის ბიუჯეტის მთავარი ხარჯები მოიცავს შემდეგს: პერსონალის სახელფასო ხარჯებს; აფილირებული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის ხარჯებს; საგანმანათლებლო პროგრამების კვლევითი კომპონენტის ხარჯებს; სამეცნიერო პუბლიკაციების ხარჯებს; წიგნების; ჟურნალების, გაზეთების შეძენის ხარჯებს; წიგნების ბეჭდვის ხარჯებს; მარკეტინგულ ხარჯებსა და ა.შ. კიდევ ერთი გარემოება, რასაც ექსპერტები მიუთითებენ დასკვნაში, არის შემდეგი: 2.1-ში მითითებული საექსპლუატაციო სასამართლო საქმეზე უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას საკმარისი თანხები აქვს სადავო თანხების დასაფარად. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ საქმის დაცვა ეფუძნება უფრო პრინციპებს, ვიდრე გადახდის უნარიანობას. 2. საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულების დარღვევა რადგან ვიზიტი განხორციელდა, ექსპერტებმა შეაფასეს უნივერსიტეტი, მაგრამ საბჭო თვლის რომ შეფასება სრულყოფილად არ განხორციელდა, საბჭო უნებლიეთ აღიარებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დარღვევას: მუხლი 96. საქმის გარემოებათა გამოკვლევა 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანის მიერ]. ამ მოთხოვნების დარღვევა კრიტიკულია და აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. 3. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დარღვევა  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საბჭოს მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების რაოდენობის შეზღუდვის გადაწყვეტილება ცდება კანონმდებლობის ფარგლებს და არ ემსახურება განათლების ხარისხის განვითარების მიზნებს.  ამასთანავე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ანუ, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა უფლების შეზღუდვა უნდა იყოს „სიკეთე“ და ეს „სიკეთე“ არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტისთვის მიყენებულ ზიანს. საქმე ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება „სიკეთე“ არ არის და რაიმე სიკეთე რომც იყოს, უნივერსიტეტისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება მას.  და აბიტურიენტების ინტერესები? მათ ინტერესზე და მათთვის მიყენებულ ზიანზე მსჯელობაც კი არ არის მოცემული საბჭოს გადაწყვეტილებასა და ოქმში. უზენაესი სასამართლო პრაქტიკის თანახმად: სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხირციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას...  ისევ უზენაესი სასამართლო: ... დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება არის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველი. ასოცირების ხელშეკრულების 359-ე მუხლის [b] პუნქტის თანახმად, განათლების სფეროში თანამშრომლობა მიმართულია [მათ შორის] [განათლების] ხარისხის გაუმჯობესებისკენ.  განათლების ხარისხის გაუმჯობესების, საუნივერსიტეტო განათლებაში შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფისთვის სახელმძღვანელო პრინციპები მოცემულია, ე.წ. „ESG სტანდარტებში“, რომლის მიხედვითაც: ხარისხის გარე უზრუნველყოფის პროცესი უნდა იყოს სანდო... არის თუ არა სანდო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა? არა, რადგან: [ 2.1-ში მითითებული საექსპლუატაციო სასამართლო საქმეზე უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას საკმარისი თანხები აქვს სადავო თანხების დასაფარად. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ საქმის დაცვა ეფუძნება უფრო პრინციპებს, ვიდრე გადახდის უნარიანობას]. არის თუ არა სასარგებლო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა? არა, რადგან: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კარგი უნივერსიტეტია. აბიტურიენტები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში აბარებენ, კარგი აბიტურიენტები არიან. და 800 კარგი აბიტურიენტის განათლების უფლების [არჩევნის] შეზღუდვა კარგ უნივერსიტეტში არ შეიძლება იყოს სასარგებლო პროცესი.  ამიტომ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა მოუსმინოს სტუდენტებს და გაითვალისწინოს მათი ლეგიტიმური მოთხოვნა.